ქართული ბიზნესის ევროკავშირის ბაზრებზე არსებულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, პირველი მასშტაბური ბიზნესფორუმი გაიმართა.
„ევროპული ბიზნესასოციაციის“ ორგანიზებით გამართულ „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმს“ ქართველი მეწარმეები, ბიზნესასოციაციები, დიპლომატები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და მთვარობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სტუმრებისა და მონაწილეების განცხადებით, ქართულმა ბიზნესმა რუსული პოლიტიკური ბაზრისგან თავის დაღწევის მიზნით, ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროკავშირის ბაზრების ასათვისებლად. ეს ფორუმი კი ერთ-ერთი გზაა ამ მიზნის მისაღწევად.
“ბიზნესგარემოს შესწავლისა და სამომავლო გეგმების სწორად დასახვის მიზნით, გვჭირდება გარკვეული ანალიზი. ამაში ერთიანი ძალებით უნდა ჩაერთოს ბიზნესი, მთავრობა, კერძო და სამოქალაქო სექტორი. ჩვენ კარგად უნდა ამოვიცნოთ თუ რა ფაქტორები განსაზღვრავს ქართული კომპანიების ევროკავშირის ბაზარზე შესვლას და პირიქით, ევროპული ბიზნესის ქართულ ბაზარზე უფრო ფართოდ წარმოსადგენად. ასეთი ფორუმები ბიზნესს სწორედ ამაში ეხმარება და კარგია, რომ მსგავს ღონისძიებას ვესწრებით გავცვლით კონტაქტებს, ვისაუბრებთ გამოწვევებზე, მომავლის გეგმებსა და წარმატების გზებზე“, – განაცხადა „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
ფორუმის ფარგლებში ევროპული ბიზნეს გარემოს კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ამ კვლევაში ქვეყნის განვითარების სამომავლო ნაბიჯები და კონკრეტული რეფორმების განხორციელების აუცილებლობაა თავმოყრილი. ამის გარდა, წარადგინეს ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის კონცეფცია, რაც ქართულ ბიზნესს მეტ მოტივაციას მისცემს ევროპულ ბაზრებზე წარსადგენად. პანელურ დისკუსიაში სტუმრისა და მხარდამჭერის რანგში მონაწილეობა მიიღო საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
„მიხარია, რომ საქართველოში ჩემი ელჩობის პერიოდში მოხერხდა და გაეშვა ახალი ბიზნეს პლატფორმა, სადაც ქართველ ბიზნესოპერატორებს საშუალება მიეცემათ მოძებნონ ახალი გზები და კავშირები ევროკავშირის მასშტაბით. ეს ახლა კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან საქართველო ახალ ნაბიჯს დგამს ევროპული მომავლისკენ. ბიზნესის ხმა ყოველთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან ამით იქმნება ეკონომიკა. წარმატებულ ქართულ ბიზნესს, შეუძლია მიეხმაროს საქართველოს წინსვლაში. მჯერა, რომ ქართველი მეწარმეები ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ. ევროკავშირის ბაზარი სტანდარტებსა და წესებზე დამყარებული სისტემაა, რაც წარმოების ხარისხის ზრდას გულისხმობს“, – განცხადა კარლ ჰარცელმა.
კერძო სექტორის წარმომადგენლების პერსპექტივიდან, ევროკავშირის ბაზრები სანიმუშო მაგალითად ჩანს, როგორც სივრცე, რომელიც სტანდარტებსა და წესებს ემყარება. ხარისხს და მომხმარებლის ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობას. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში გაიმართა.
ალეკო გვეტაძე