ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ,,ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ რეგიონში პირველად გაიმართა და ლიდერი ქალები, თითქმის ყველა სფეროდან გააერთიანა. კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა და მის ორგანიზებაში გაერო, ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთო. პრეზიდენტმა გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ აუცილებელია ქალების უფრო მეტი ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების საქმეში, როგორც სახელმწიფოებს შორის, ასევე საზოგადოებებში.
„ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი ქალი გვყავს. სამწუხაროდ, ისინი ტოვებენ საქართველოს. ეს სამწუხაროდ, გახლავთ ახალი ფენომენი. როგორც მოგეხსენებათ, მილიონნახევარი ქართველი ცხოვრობს საზღვარგარეთ და ძალიან ბევრი მათგანი ქალია, რომელიც თავის ოჯახს სხვადასხვა ქვეყნებიდან არჩენს. მათი წარმომადგენლობა საკმაოდ მაღალია. ქალები მრავალ დარგში არიან წარმოდგენილები – ეკონომიკა, კულტურა, მედიცინა, ასევე საგანმანათლებლო სფერო. ისინი შედარებით ნაკლებად არიან წარმოდგენილები პოლიტიკაში პოლარიზაციის, სიძულვილის ენის და სხვადასხვა სირთულეების გამო – უხეში გახლავთ ქართული პოლიტიკა და ეს არის ერთ-ერთი ახსნა, თუ რატომ არ არის ბევრი ქალი პოლიტიკაში. ქალები არიან იმ 85%-ში, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ გზას. ისინი არიან მოტივირებულები და აქტიურად აჟღერებენ თავიანთ მოსაზრებებს. მათთვის მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობა, განათლება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება – მხოლოდ და მხოლოდ ერთი პერსპექტივა არსებობს ჩვენთვის და ეს გახლავთ ევროპა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კონფერენციის რამდენიმე პანელზე განიხილეს კონფლიქტებში მყოფი ქალებისათვის ყველაზე აქტუალური საკითხები. 9 პანელისგან შემდგარი დისკუსიის ფარგლებში სიტყვით გამომსვლელები თავიანთ გამოცდილებას უზიარებდნენ საზოგადოებას. მათი თქმით, ასეთი მაგალითები, სხვა მსგავს სიტუაციაში მყოფი ქალებისთვის უნდა იყოს ნიმუში, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ქალის როლი პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ერთ-ერთმა დელეგატმა, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა.
„დიდი პატივია, ვესწრებოდე ღონისძიებას. აშშ ამაყად აგრძელებს ჩვენი როლის შესრულებას, წინა ხაზზე მდგარი ქალების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე, რომლებიც ამავე დროს, აძლიერებენ ქალთა და გოგონათა უსაფრთხოებას. ჩვენ ვიცით, რომ ქალები ჩართული არიან მშვიდობის, უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობაში და ეს თავისთავად აძლიერებს ჩვენს კეთილდღეობას. მინდა, გამოვეხმაურო ქალბატონი ზურაბიშვილის ნათქვამს ამ მნიშვნელოვან თემატიკაზე და ჩვენს მოწვევას ღონისძიებაზე. თქვენ მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ქალებს თავს გვიყრით და ეს არის განსაკუთრებული. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ გვაჩვენეთ შეუვალი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, რომელთა წინაშეც ყოველგვარი მიზეზთა გარეშე გამოუწვეველი ომი წამოიწყო მტერმა. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა თქვენს ლიდერობასა და სიმამაცეს. უკანასკნელმა რამდენიმე თვემ აჩვენა, რა არის კრემლის აგრესია და სიმხეცე. ვიცი, რომ ქართველ ქალებსა და გოგონებს ამის შეხსენება არ სჭირდებათ. ქართველებმა ეს რეალობა უკვე იწვნიეს უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში. თავისთავად ამერიკა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებას, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. პუტინის მცდელობის ფონზე, რომ კიდევ ერთხელ ძირი გამოუთხაროს დამოუკიდებლობას, ამერიკა აგრძელებს უკრაინის, საქართველოსა და ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას, რომლებმაც იწვნიეს კრემლის აგრესია“, – განაცხადა მან.
ქალების უფლებების დაცვასა და აქტიურ საქმიანობაში უფრო მეტად ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება ქალთა უფლება დამცველებმა და ომბუდსმენმა.
„მნიშვნელოვანი გლობალური თუ რეგიონალური პრობლემების გამო, ბოლო პერიოდია გადაიფარა ქალთა პრობლემები. ძალიან კარგია, რომ ამ რთულ დროს გამოინახა საშუალება, სადაც ამ საკითხებზე ვისაუბრეთ. მე ყურადღება გავამახვილე საქართველოში ქალთა უფლებრივ მდგომარეობასა და გამოწვევებზე. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკაში ჩართულ ან ჩართვის მსურველ ქალებს აქვთ ძალიან დიდი ხილული თუ ფარული ბარიერები. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ბრძოლის ფორმები, რაც გვინახავს. მათ შორის პირადი ცხოვბრების კადრებით შანტაჟი და მანიპულირება, რის შემდეგაც არაერთი ქალი ჩამოშორდა აქტიურ პროცესებს. ასე რომ, სამუშაო ძალიან ბევრია“,- განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ერთი დღის განმავლობაში გაგრძელდა და მსოფლიოსა და რეგიონში ქალების წინაშე არსებულ თითქმის ყველა გამოწვევაზე გამახვილდა ყურადღება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უკრაინაში ომის მიმდინარეობისას ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და ქალების როლზე მშვიდობის დამყარების მიმართულებით.
ალეკო გვეტაძე