თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის გადადგომას, ასევე ფინალური გამოცდების ონლაინ ჩაბარებას ან საგამოცდო ქალაქების დამატებას მოითხოვს, რადგან მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო რეგიონში მცხოვრები სტუდენტები თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში ბინების დაქირავებასა და გამოცდებზე დასწრებას ვერ ახერხებენ.
ისინი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობასა და უნივერსიტეტის ხარჯების გამჭვირვალობასაც ითხოვენ.
უნივერსიტეტში პროტესტთან დაკავშირებით დღეს, 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანებმა გაავრცელეს საერთო განცხადება. მათი თქმით დასკვნითი გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩატარდება, რადგან ეს ცოდნის შეფასების ყველაზე ობიექტური ფორმაა.
დეკანებმა სტუდენტებს მოუწოდეს, დაეტოვებინათ რექტორის კაბინეტი.