უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთის ფედერაციის წყნარი ოკეანის ფლოტი სამხედრო მანევრებს მართავს.
სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანევრების დროს 300 სხვადასხვა სახის წვრთნა გაიმართა.
ამ დრომდე, მანევრებში მონაწილეობა 40 – მა სამხედრო საზღვაო ხომალდმა და 20 – მა სამხედრო საჰაერო თვითმფრინავმა მიიღო.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი დასავლეთს რუსული აგრესიის შესაჩერებლად მეტი ქმედებისკენ მოუწოდებს. უკრაინელი ლიდერის თქმით, ევროპულმა სახელმწიფოებმა არ უნდა იორჭოფონ მოსკოვთან ურთიერთობების გაწყვეტის საკითხზე.
“მოსკოვი ხომ ყველა საერთაშორისო კანონს არღვევს. მხოლოდ საუბარი საკმარისი არ არის, საჭიროა ქმედებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპის კონტინენტზე დემოკრატია დამარცხდება“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა ევროპამ უახლოეს წლებში რუსულ ბუნებრივ აირზე საბოლოოდ უარი თქვას. რუსი ლიდერის თქმით, არსებული სანქციების ფონზე, მოსკოვის შემოსავალი ბუნებრივი რესურსების გაყიდვით გაიზარდა.
“ევროპის მიერ ჩვენს ბუნებრივ რესურსებზე უარის თქმა მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ნაკლებად სავარაუდოა. არავინ იცის რამდენიმე წლის შემდეგ რა იქნება, არავინ აპირებს ჭაბურღილების დახურვას, ამჟამად ბაზარზე ნავთობის მოცულობა იკლებს, შესაბამისად ფასი იზრდება, კომპანიები კი მეტ შემოსავალს იღებენ“, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა კოლეგებს უკრაინისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებს.
“ბევრი ჟურნალისტი მეკითხება უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. უკრაინა უკვე არის ევროპული ოჯახის წევრი, კიევს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ევროპულ პროექტს შეუერთდეს. ეს მათი იმედია, ამ გზით ჩვენ ვაღიარებთ იმ ფასს, რომელსაც უკრაინა იხდის. ეს გააძლიერებს უკრაინას და ასევე ჩვენ. ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინისათვის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებას“, – აცხადებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
უკრაინაში რუსული ინტერვენცია უკვე 107 დღეა მიმდინარეობს, საბრძოლო მოქმედებების სიმძიმის ცენტრი დონბასია.