გლობალური ეკონომიკა დიდ დარტყმას მიიღებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში მძიმე სურათს ხატავენ და გლობალური განვითარების ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.5 პროცენტიდან 3 პროცენტამდე ამცირებენ. ორგანიზაციის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში ინფლაცია 8.5 პროცენტს აღწევს, რაც 1988 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გუშინ, 8 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ომის უარყოფითი შედეგები განსხვავებულად აისახება გეოგრაფიული არეალის მიხედვით.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ომით გამოწვეული ინფლაციის გამოც ღელავენ.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი ლორენს ბუნი ამბობს, რომ ომი გავლენას ახდენს აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე. მისი თქმით, აქ კარგად ჩანს, თუ როგორ არის დამოკიდებული რუსეთსა და უკრაინაზე სხვადასხვა ქვეყანა, მაგალითად, ლიბანი, ეგვიპტე, ტუნისი თუ იემენი.
შემაშფოთებელია ევროპისთვის რუსული გაზის შეწყვეტა და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებაც. ანგარიშში ნათქვამია, რომ მზარდმა ინფლაციამ შესაძლოა, გამოიწვიოს საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა, რაც კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის იმ ქვეყნების ეკონომიკას, რომლებიც პანდემიის შედეგად ისედაც ძლიერ დაზარალდნენ.