გუშინ, 8 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართა დებატები საქართველოში მედიის უფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
ბრიუსელში სესიაზე ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, მედიამენეჯერების დევნაზე, ჟურნალისტებზე ძალადობასა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პოლარიზაციასა და ბიძინა ივანიშვილის როლზე ქართულ პოლიტიკაში. დებატები გახსნა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა, რომელიც რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთი ავტორია.
„მჯერა, რომ ეს ტენდენციები ეწინააღმდეგება ქართველების სურვილს, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და სუვერენულ საქართველოში. ის ასევე ეწინააღმდეგება მათ ევროპულ მისწრაფებებს. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სრულად გამოიყენოს ქართული სამართლებრივი ჩარჩო, რათა უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება, გააძლიეროს რეფორმები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის, დაასრულოს პოლარიზაცია და შეაჩეროს დემოკრატიის უკუსვლა. მიმაჩნია, რომ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება იმ დესტრუქციული როლისთვის, რომელიც მას ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში აქვს“, – განაცხადა მირიამ ლექსმანმა.
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე გაამახვილა ყურადღება.
„იმის მაგივრად, რომ დაიცვან ჟურნალისტები, მათ თავს ესხმიან. ნიკა გვარამიას საქმე კანონის უზენაესობის დარღვევის თვალსაჩინო მაგალითია, მაგრამ ეს ერთადერთი საქმე არაა. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მეგობრები და არ გვინდა, რომ მსგავსი მაგალითები ვიხილოთ“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ევროპარლამენტარის პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის განუყოფელი ნაწილია.
„ჩვენთვის მიუღებელია კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაჩუმება, ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, ღია მუქარა და პასუხისგებაში მიცემა, რადგან ეს მოვლენები საქართველოს აშორებს ამ ამბიციისგან. თუ მანამდე ევროპარლამენტს იმედი ჰქონდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოვლენილი კეთილი ნებისა და გაგებისა, ახლა ჩვენ მოვითხოვთ, შეცვალონ დამოკიდებულება პოლიტიკური საკითხებისადმი. თბილისმა უნდა გაიგოს, რა არის მთავარი პირობა ქვეყნის განვითარებისთვის“, – ამბობს პეტრას აუსტრევიჩიუსი.
ევროპარლამენტარმა და პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანა ფოტიგამ ხაზი გაუსვეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე.
„ევროკავშირში ინტეგრაციას ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერა აქვს, მრავალმა მთავრობამ და პოლიტიკური ელიტის წევრებმა ხელი შეუწყვეს ამ შედეგს, მათგან ყველაზე გამორჩეული ახლა ციხეშია. ისევე, როგორც ნიკა გვარამია, რომლის საქმეც დღევანდელი დებატების ერთ-ერთი თემაა. მათ მოგვმართეს ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს. მიუხედავად ამჟამინდელი მთავრობის კრიტიკისა, ისინი გრძნობენ ამ პროცესის ისტორიულ მნიშვნელობას და ისტორიულ საფრთხეს, რომელიც მათ ქვეყანას ემუქრება. მათ გვთხოვეს, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი და არ დავტოვოთ საქართველო პოსტსაბჭოთა ჭაობში, რკინის ფარდის მიღმა და არ დავსაჯოთ ქართველი ხალხი. მოგმართავთ თქვენ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვას“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.
რეზოლუციას „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“ ევროპარლამენტი დღეს 9 ივნისს უყრის კენჭს.