მთავარი საქართველო საკონსტიტუციო დავა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის

საკონსტიტუციო დავა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის

საქართველოს პრეზიდენტი შესაძლოა ვეღარ ჩაერიოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაში. საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ეს აღმასრულებელი ხელისუფლების ექსკლუზიური უფლებაა და სწორედ ამიტომ მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს ამ უფლებამოსილებების გამიჯვნას.

„საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციური უფლებამოსილებას“ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ უნდა იღებდნენ და ძალთა ბალანსი მნიშვნელოვანია.

„კონსტიტუცია ესწრაფვის დაბალანსებულ სისტემას. კონსტიტუციური ინსტიტუტები ერთმანეთს უნდა აბალანსებდნენ. ბალანსი ნიშნავს შეკავებისა და გაწონასწორების სისტემას. ეს არის ერთმანეთის შემოწმების სისტემა. ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ უნდა იღებდეს. ამ შემთხვევაში ელჩების დანიშვნის დროს მთავრობის ინიციატივას კონკრეტული პირის ელჩად დანიშვნის შესახებ სჭირდება შემხვედრი დადასტურება პრეზიდენტის მხრიდან“ – ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

საპარლამენტო ოპოზიციას არ მოსწონს მთავრობის სარჩელი კონსტიტუციური უფლებამოსილებების გამიჯვნის შესახებ და დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ დიპლომატიური მისიების აკრედიტაციის საკითხში პრეზიდენტის როლი მნიშვნელოვანია.

„ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ეს არის შემაშფოთებელი. გაგება იმისა, თუ რა არის ხელისუფლების დანაწილება, რა არის სახელმწიფოს მეთაურის როლი და ადგილი ამ სისტემაში – არის წარმოუდგენლად ცალმხრივად აღქმული და დანახული. ეს არ ეხება „ქართულ ოცნებას“ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ეს ეხება ქართულ სახელმწიფოს და ინსტიტუტებს. მთავრობა ამბობს, რომ პრეზიდენტი ვალდებულია თვალდახუჭულმა მოაწეროს ხელი ქაღალდს, რომელსაც მას დაუდებენ და შიგნით რა წერია, ამას არ უნდა ჩახედოს“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია „ლელოდან“, დავით უსუფაშვილი.

საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში. ასევე, მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს კომპეტენციები კარგად განსაზღვრული არ არის და ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

„ეს არის დავა კომპეტენციების განსაზღვრის შესახებ. ვინაიდან, ერთხელ და სამუდამოდ იყოს ცხადი, დიპლომატიური სამსახური და ელჩების დანიშვნა მიეკუთვნება თუ არა მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს სასამართლო. არავითარი პოლიტიკური დაპირისპირების მოედანი ეს არ არის. ეს არის დავა კომპეტენციურ საკითხთან დაკავშირებით“ – ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

მთავრობის სარჩელთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ცნობილი არ არის. ჯერ არც თარიღია განსაზღვრული, როდის იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებების შესახებ და როგორ დაზუსტდება კონსტიტუციის 52-ე მუხლი, სადაც წერია, რომ ელჩების დანიშვნა-გათავისუფლებაში პრეზიდენტს თავისი როლი აქვს.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend