დღეს, 7 ივნისი ჯანდაცვის სამინისტროსა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის დროსაც მხარეები სამ საკითხზე შეთანხმდნენ. ზეგანაკვეთურ სამუშაოსა და დასვენების დღეებში მორიგეობის შემთხვევაში ექიმები მიიღებენ დანამატს და მათი სამუშაო გრაფიკი კვლავ 24-საათიანი იქნება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ხელფასების 100-პროცენტიან ზრდას ითხოვდნენ და თბილისში აქციებსაც მართავდნენ. თუმცა ამ საკითხზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ექიმების პროტესტი იმ 50%-იანი დანამატის გაუქმებას მოჰყვა, რომელიც კოვიდპანდემიის დროს დაუნიშნეს.
გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ იმით ახსნა, რომ ეპიდვითარების გაუმჯობესების შემდეგ გამოძახებების რაოდენობა შემცირდა. მაგრამ ექიმები საპირისპიროს ამტკიცებენ.
სასწრაფოს ექიმი ნუგზარ ფოცხიშვილი აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია. ის 20 წელია სასწრაფო დახმარების ექიმად მუშაობს. როგორც თავად ამბობს, მისთვის სამსახური ყველაფერია, თუმცა ანაზღაურება თვიდან თვემდე ძლივს ჰყოფნის.
„ჩვენ ყოველთვის ომში ვართ, მშვიდობის დროსაც და სხვა დროსაც. არ ვიცით, სად მივდივართ, ვისთან მივდივართ, რა დაავადება დაგვხვდება, რასთან მოგვიწევს ბრძოლა. ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ ყოველთვის ვიღებთ უარყოფითს. ჩვენ მოლხენილ ხალხთან კი არ მივდივართ, არამედ გაჭირვებულებთან და ის უარყოფითი ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ. მთელი ცხოვრება უარყოფითს ვიღებთ და ამისთვის რამე განსაკუთრებულს კი არ ვითხოვთ, ვითხოვთ იმას, რაც აუცილებელია“, – ამბობს ნუგზარ ფოცხიშვილი, სასწრაფოს ექიმი.
ნუგზარ ფოცხიშვილის თვიური ანაზღაურება 1660 ლარი იყო, ეს იმ დანამატის ჩათვლით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ პანდემიის დროს დაუნიშნა სასწრაფო დახმარების ექიმებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს დანამატი მოიხსნა, ნუგზარს 660 ლარი მოაკლდა. ახლა მისი შემოსავალი თვეში დაახლოებით 1000 ლარი იქნება. ექიმი ამბობს, რომ დღევანდელ ეკონომიკურ ვითარებაში 1000 ლარით ვერც საბანკო ვალდებულებების დაფარვას შეძლებს და ვერც ოჯახის წევრების უზრუნველყოფას.
„ორი ადამიანია საჭირო – ექიმი და პაციენტი. ყველა დანარჩენი სტრუქტურა, რომლებიც ჩვენ გარშემოა, დამხმარე სტრუქტურაა. მათ უნდა უზრუნველყონ ის, რომ ადეკვატურად მოვემსახუროთ პაციენტებს. თუ ჩვენ არ ვიქნებით, პაციენტიც არ იქნება და უფროსიც არ სჭირდება არავის, ხომ ასეა? ჩვენს შემოსავალზეა დამოკიდებული ადეკვატური მომსახურება, რადგან მე თუ სამსახურიდან გამოვალ და ფიზიკურად მუშაობა მომიწევს, არ იქნება ჩემი ფიზიკური მონაცემი ადეკვატური, ეს აისახება ჩემს სამსახურზე“, – განაცხადა ნუგზარ ფოცხიშვილმა, სასწრაფო დახმარების ექიმმა
დღეს, 7 ივნისს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა აქციის გამართვამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯანდაცვის სამინისტროსგან შეხვედრაზე თანხმობა მიიღეს. შეხვედრა 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მხარეები რიგ საკითხებზე შეთანხმდნენ, თუმცა მათ შორის ხელფასების 100%-ით გაზრდა არ არის.
„100%-იანი მატება უარყოფილია სამინისტროს მხრიდან. მათ 12-საათიან გრაფიკზე გადასვლა მოითხოვეს. ჩვენი მხრიდან ამას უკმაყოფილება მოჰყვა და ეს გაუქმდა. რაც შეეხება ხელფასების მატებას, პროფკავშირებმა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან ერთად უნდა შეადგინონ სქემა. ჯანდაცვის სამინისტროში მზად არიან, რომ ეს სქემა ჩვენთან ერთად განიხილონ“, – ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი, პროფკავშირების თავმჯდომარე.
„პროდუქტიული შეხვედრა იყო. შევაჯერეთ ინფორმაცია და პოზიციები. კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ადგილზე მივიღეთ გადაწყვეტილება. რაც შეეხება ხელფასების მატებას, შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია, 100%-იანი მატება იყოს განხილული“, – ამბობს ილია ღუდუშაური, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთთან ითანამშრომლებენ. სასწრაფო დახმარების ექიმები პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად ახლა სქემის შედგენას გეგმავენ. შემდეგ კი მას ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ, იმისათვის, რომ მათი მთავარი მოთხოვნა, ხელფასების 100%-ით გაზრდა, დაკმაყოფილდეს.
ანანო ღუდუშაური