მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება

ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უნდობლობის საკითხზე გამართული კენჭისყრის შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, ახლა მთავრობას შეუძლია ისეთ საკითხებს მიხედოს, რომლებიც ბრიტანელი ხალხისთვის პრიორიტეტულია.

ბორის ჯონსონმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს მხარდაჭერისთვის და თანაპარტიელებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

“ვფიქრობ, რომ ეს დამაჯერებელი, გადამწყვეტი შედეგია. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც მთავრობას, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ მოქმედება და ყურადღება გავამახვილოთ იმ საკითხებზე, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია ხალხისთვის”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

6 ივნისს გამართულ კენჭისყრაზე ბორის ჯონსონს, როგორც ლიდერს ნდობა 211-მა დეპუტატმა გამოუცხადა, წინააღმდეგი კი – 148 იყო. მისი თანამდებობიდან გადასაყენებლად 180 კონსერვატორი დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

ცოტა ხნის წინ, ჯონსონისა და მისი გუნდის წინააღმდეგ გამოძიება ჩატარდა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პრემიერი თავის გუნდთან ერთად, წვეულებებს მასპინძლობდა “დაუნინგ სტრიტ 10”-ის რეზიდენციაში სწორედ იმ დროს, როდესაც ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი მოქმედებდა.

ოპოზიციის ლიდერმა ლეიბორისტმა სერ კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ორად გახლეჩილი კონსერვატიული პარტია ზურგს “უმაგრებს” პრემიერ-მინისტრს.

“ამაღამ კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა გააკეთეს არჩევანი. მათ უგულებელყვეს ბრიტანეთის საზოგადოება და საკუთარი თავი და პარტია ბორის ჯონსონს გადააყოლეს. მთავრობას ახლა სჯერა, რომ კანონის დარღვევა არ აფერხებს ახალი კანონის მიღებას”, – აცხადებს სერ კირ სტარმერი.

ჯონსონს ახლა კიდევ ერთი წლით აქვს იმუნიტეტი, რომ გაუმკლავდეს კონსერვატიული პარტიის ლიდერების გამოწვევებს, მაგრამ მეამბოხეებმა პირობა დადეს, რომ განაგრძობენ მისი თანამდებობიდან გადაყენების მცდელობას, რაც, სავარაუდოდ, უფრო რთული გახდება მომდევნო კვირებსა და თვეებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend