უკრაინაში სამხედრო იერიშის პარალელურად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დაპირებული ახალი რაკეტები არაფერს შეცვლის, იგი ახალი სამიზნეების დაბომბვას გეგმავს, თუ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებას გააგრძელებენ.
ბრძოლები მიმდინარეობს ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკშიც. რუსეთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სრულად აკონტროლებენ უკრაინის ამ ქალაქებს. ისინი ამტკიცებენ, რომ უკრაინელი სამხედროების ნაწილი სევეროდონეცკიდან გავიდა, თუმცა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად სასტიკი ბრძოლებისა, სადაც რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინის საკვანძო ქალაქის დასაპყრობად თითქმის მთელი ძალა გამოიყენა, უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს, რომ რუსულ ძალებს სევეროდონეცკში უკან დაეხიათ.
ლუჰანსკის გუბერნატორის სერჰი გაიდაის თქმით, რუსეთის ძალები აკონტროლებენ სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ, რის გამოც ოკუპანტებს უკან დახევა უწევთ.
უკრაინაში ომი უკვე 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს, რასაც დაახლოებით 4000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათგან 231 ბავშვია. 14 მილიონზე მეტ უკრაინელს კი საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიტოვება მოუწია.