მთავარისაქართველოსაქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია "ALDE"-სგან და პოლიტიკური შეფასებები თბილისში

საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია “ALDE”-სგან და პოლიტიკური შეფასებები თბილისში

მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანა, მხარდაჭერის მიღებისთვის სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა თავიანთ ევროპელ პარტნიორებთან აქტიური მუშაობა დაიწყეს.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი საქართველოდან, ლიბერალურ და დემოკრატიულ პარტიათა ჯგუფ “ALDE”-ს „პოლიტიკური ქოლგის“ ქვეშ იმყოფებიან.

ეს პარტიებია – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „თავისუფალი დემოკრატები”, „რესპუბლიკური პარტია”, „გირჩი – მეტი თავისუფლება” და „ლელო საქართველოსთვის“.

“ALDE” ევროპული საბჭოს შემადგენლობაში მყოფი დიდი პოლიტიკური ძალაა და მის მხარდაჭერას დიდი ძალა აქვს. რამდენიმე ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ ოთხ ივნისს, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გამართულ შეკრებაზე, ამ ჯგუფისგან მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს. იგივეს მოუწოდებენ კოლეგებსაც – „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ქართული ოცნებიდან“, დაარწმუნონ თავიანთი ლობისტური ჯგუფები სათანადო მხარდაჭერის მიღებისთვის.

„ჩვენ ეს შევძელით. ევროპაში მესამე ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც არის ევროკავშირის მმართველი კოალიციის ნაწილი, ჩვენი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციაში პირდაპირ მხარდაჭერილია საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭება. ამ რეზოლუციაზე ვმუშაობდით ერთად „ალდეს“ პოლიტიკური ჯგუფის წევრები. აქ არის სამი მნიშვნელოვანი საკითხი: 1. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება აბსოლუტურად რეალურია და შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ რეალურად იმ სამუშაოს გასწევს, რაც მაგალითად ჩვენ გავწიეთ “ალდეს” წევრებთან მიმართებით. 2. ოპოზიცია დადის ევროპაში, მუშაობს ევროპელ კოლეგებთან, იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს სრული მხარდაჭერა ამ ისტორიული შესაძლებლობის დროს. ამ ისტორიული შანსის გაშვების შესაძლებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება ყველა პოლიტიკურ ძალას და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ამ რეალობაში არის. 3. მთავარი კითხვა არის „ქართულ ოცნებასთან“ – ისინი რას აკეთებენ? გაეცა მთავარ სპეკულაციებს პასუხი, რასაც „ქართული ოცნების“ მხრიდან ჰქონდა ადგილი, რომ ოპოზიცია თითქოს ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტატუსის მინიჭებას. აგერაა ბატონო რეზოლუცია, სწორედ ჩვენ მიერ ინიცირებული, “ალდეს” პოლიტიკურ ჯგუფში“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციის მოწოდებას პასუხობენ მმართველ პარტიაში. ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ სათანადო მხარდაჭერის მოსაპოვებლად ევროპული პარტიების შესაბამის – „სოციალისტთა და დემოკრატთა“ ოჯახში ყველაფერს აკეთებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ჩვენს პარტნიორს ვესაუბრებით, იქნება ეს ევროპარლამენტი, თუ სხვა ევროპული სტრუქტურა. მათ შორის იმ პარტიათა გაერთიანებას, რომლის ქოლგის ქვეშაც ვართ „ქართული ოცნება“. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ „სოციალისტ და დემოკრატთა“ (S&D) გაერთიანებას. ისინი ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს მხარდასაჭერად. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია “ALDE”-ს მხარდაჭერა. ეს რეზოლუცია თავისი შინაარსით შესაძლოა კარგი იყოს, ან შეიცავდეს დამაზიანებელ ელემენტებსაც. ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, ვინც ამ რეზოლუციით ამაყობენ, მთავარია აკეთებდნენ სწორად განცხადებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა.

ევროპის პარლამენტში შვიდი ძირითადი პოლიტიკური გაერთიანებაა – შვიდი, როგორც მათ უწოდებენ, პოლიტიკური „ოჯახი“.

ALDE მსხვილ ჯგუფთა სამეულში შედის, ევროპის სახალხო პარტია“ (EPP)-ისთან და „სოციალისტებსა და დემოკრატებთან“ (S&D) ერთად. EPP-ის „პოლიტიკური ქოლგის“ ქვეშაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „სოციალისტები და დემოკრატები“ (S&D) კი „ქართულ ოცნებასთან“ არიან აქტიურ კავშირში.

ერთი დიდი ჯგუფის რეზოლუციით გამყარებული მკაფიო მხარდაჭერა, საქართველოს უკვე აქვს. უცნობია დანარჩენი ორი ჯგუფის საბოლოო ვერდიქტი.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend