მთავარისაქართველოNCDC: კორონავირუსის პანდემიამ გეგმიური აცრები შეაფერხა

NCDC: კორონავირუსის პანდემიამ გეგმიური აცრები შეაფერხა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ გეგმიური აცრების შეფერხების რამდენიმე მიზეზი არსებობს.  მაგალითად, მშობლები ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მიზეზით ხშირად თავს არიდებდნენ ბავშვების კლინიკაში მიყვანას ასაცრელად. არადა, გეგმიური იგივე რუტინული აცრები სხვადსხვა ინფექციისგან თავის ასარიდებლად ჩვილებს და უმცროსი ასაკის ბავშვებს უტარდებათ.

რა შეიცვალა პანდემიის შემდეგ, და რა ვითარებაა საქართველოში  ამგვარი აცრებისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით?

პირველ აცრას ჩვილს დაბადებისთანავე უკეთებენ სამშობიაროში, ეს არის ტუბერკულიოზისა და ჰეპატიტების აცრა. მომდევნო აცრები კი იმუნიზაციის გეგმის მიხედვით ტარდება.

4 თვის გაბრიელი კლინიკაში მეორე აცრას იკეთებს. მისი მშობლები ამბობენ, რომ ბავშვის გადამდები ინფექციებისგან დასაცავად სწორი გზა აირჩიეს.

“ეს ჩვენი მეორე გეგმიური აცრაა, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყოს. ვფიქრობ, რომ აცრა ძალიან საყურადღებოა პანდემიიდან გამომდინარეც. მე კორონავირუსის პანდემიის დროს ორსულად ვიყავი და მისი საწინააღმდეგო ვაქცინაც გავიკეთე“, – ამბობს ანა მათიაშვილი.

მედიკოსები ამბობენ, რომ პანდემიის დროს, მაშინ როცა მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა რუტინული აცრების ტემპი შემცირდა.

„კოვიდპანდემიის დროს ვაქცინაციის ტემპი დაეცა, ეს იმიტომ  არ მომხდარა, რომ ვაქცინაციის მნიშვნელობა დაქვეითდა მშობლის თვალში, ეს იყო უბრალოდ ადამიანური მომენტი, მათ ეშინოდათ ბავშვების სახლიდან გამოყვანის, სხვა ადამიანებთან კონტაქტის, ასე რომ გასაგები იყო რატომ შემცირდა პაციენტთა რაოდენობა, თანაც ჩვენ კოვიდის ვაქცინაციაზე გადავერთეთ, მაგრამ როგორც კორონავირუსის ძლიერმა ტალღამ გადაიარა ეს ტემპიც გაიზარდა”, – ამბობს პედიატრი იმუნიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი იაშვილის კლინიკაში რიტა ფაჩუაშვილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის მონაცემებით, 2020 წელს 23 მილიონმა ბავშვს არ ჩაუტარდა რუტინული აცრა. ეს თითქმის 4 მილიონით მეტია ვიდრე 2019 წელს იყო.

აცრებისაგან თავის შეკავების ტენდენცია აშკარად კლებისკენ არის, და  ამჟამად, 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია.

ორგანიზაციის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს სტატისტიკა იმუნიზაციის პროცესს 10 წლით უკან ხევს.

რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში?

„ამ სამი წლის განმავლობაში რუტინული ვაქცინაციის პროცესი საქართველოში არ შეჩერებულა, თუმცა შემცირდა მიმართვიანობა, საშუალო კლება 2019 წელთან შედარებით 14 % იყო ყველა ვაქცინის მიმართ. სასურველია, რომ პრობლემა მალე იყოს დაძლეული“, – მიიჩნევს დაავადებათა ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსი ლიკა ჯაბიძე.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნა, გრძელდება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც.

სპეციალისტები ამბობენ, რომ რუტინული აცრების ტემპის ზრდა აუცილებელია იმისთვის, რომ სხვადასხვა ინფექციური დაავადებები მართვადი იყოს და მათი გავრცელება არ მოხდეს.

ნინი ჯალაბაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend