მთავარი საქართველო ქალაქი და მდინარე - 2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა

ქალაქი და მდინარე – 2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა

მტკვარი კავკასიის ყველაზე გრძელი მდინარეა, მის ნაპირზე განლაგებული ყველაზე დიდი ქალაქი კი თბილისი.

მტკვარი თბილისის ლანდშაფტის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, თუმცა თბილისის მაცხოვრებლებს მდინარესთან ურთიერთობის საშუალება ნაკლებად თუ აქვთ.

“დღეს რომ მტკვარი არ არის ჩართული ქალაქის ცხოვრებაში, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა.  სანაპირო როდესაც გაკეთდა, რომელსაც პირველად სტალინის სანაპირო დაარქვეს, ახლა კი სხვა სახელი ჰქვია, მან ჩაკეტა მტკვრის სანაპიროსთან მისასვლელები, მდინარე ნელ-ნელა ქრება ადამიანის ცხოვრებიდან, თბილისის ცხოვრებიდან”, — ამბობს „მწვანეთა მოძრაობა — დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე.

ნინო ჩხობაძის თქმით, პრობლემაა მდინარის დაბინძურება, ნაგავი და კანალიზაციის ჩაღვრის შემთხვევები. ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, სანაპიროების ავტომობილებისგან მონაცვლეობით გათავისუფლება შესაძლებელია.

“ავტომაგისტრალები პრაქტიკულად გადაულახავ პრობლემას ქმნიან იმისათვის, რომ ქალაქი მივიდეს წყალთან, არადა წყალი ბუნებამ გვაჩუქა. შესაძლებელია ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე მარცხენა სანაპირო გათავისუფლდეს მაგისტრალისგან, ბარათაშვილიდან ავტოსადგურის ხიდამდე კი მარჯვენა სანაპირო. თუ ორივეს ვერ გავათავისუფლებთ, მონაცვლეობით შეიძლება, ჯერ მარცხენა, შემდეგ მარჯვენა, ამის გაკეთება შესაძლებელია, როდესაც ახალი სატრანსპორტო სქემა იქმნება”, — ამბობს ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე.

მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა არ არსებობს.

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა დღეა, რომელიც კოალიცია „მტკვარ-არაქსის“ ინიციატივით 1999 წელს დაარსდა, ეს დღე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთდროულად აღინიშნება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend