მთავარისაქართველო„დავსაქმდი არასრულწლოვანი..." - როგორია ბავშვთა შრომითი უფლებები საქართველოში

„დავსაქმდი არასრულწლოვანი…” – როგორია ბავშვთა შრომითი უფლებები საქართველოში

მარტა ბარამიძე 11 წლის იყო, მუშაობა ბაზრობაზე რომ დაიწყო. დაიწყო იმიტომ, რომ ოჯახური და ფინანსური მდგომარეობის გამო, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

იმ პერიოდს მძიმედ იხსენებს. ამბობს, რომ ძალიან რთული იყო – მუშაობდა და თან სკოლისათვის წიგნების საყიდლად ჯართს აგროვებდა. იმასაც ამბობს, მუშაობას სწავლაში ხელი არ შეუშლია და სკოლაში ფრიადოსანი ვიყავიო.

„დავსაქმდი არასრულწლოვანი, ჩემი ოჯახური მდგომარეობიდან და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ მქონდა. უნდა მერჩინა საკუთარი თავი და უნდა მერჩინა სხვა ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად ცხოვრობდნენ. პირველი სამსახური დავიწყე 11 წლის ასაკში და ეს იყო ბაზრობაზე, სადაც ვყიდდი წვრილმანებს – აი, ნემსებს, ძაფებს, ფეხსაცმლის კრემს და ა.შ.“, – იხსენებს მარტა ბარამიძე.

არასრულწლოვნები რომ ხშირად მატერიალური პრობლემების გამო იწყებენ მუშაობას, ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციებშიც საუბრობენ.

როგორც ორგანიზაციაში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ამბობენ, მოზარდები ძირითადად მომსახურების სფეროებში საქმდებიან. თუმცა, ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც არასრულწლოვნები მშენებლობაზე ან მსგავს მძიმე სამუშაოზე მიდიან.

„სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც არის, თუმცა ასეთ შემთხვევაში არ აფორმებენ ბავშვებთან არც ზეპირ შეთანხმებას, არც წერილობით არ ფორმდება ხელშეკრულება, უხდიან ნაკლებს, ვიდრე სრულწლოვანთან მიმართებით და ეს არის დაფარული. ხშირ შემთხვევაში, ეს ძალიან ჩუმად ხდება, რომ ბავშვები მუშაობდნენ მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. იმისთვის, რომ მოაგროვონ სწავლის ფული, ეხმარებიან საკუთარ ოჯახს, ეწევიან ისეთ შრომას, რომელიც ხშირად აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია მათ უსაფრთხოების უფლებასთან“, – აღნიშნა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა, თამარ გაბოძემ.

შრომის ინსპექციაში განმარტავენ, რა სანქციები არსებობს თუკი აღმოჩნდება, რომ არასრულწლოვანი მძიმე და მავნე სამუშაოს შესასრულებლად არის დაქირავებული.

„დაუშვებელია მძიმე-მავნე საშიშპირობებიან სამუშაოზე არასრულწლოვნის, 18 წლამდე ბავშვის დასაქმება. რეკლამის, გასართობ სფეროში შესაძლებელია 14 წლამდე დასაქმებული იყოს მომუშავე პირი. ყოველივე აღნიშნული თავისი რეგულაციით, ასევე პირობითად საქმიანობის სფეროს სახეობებით და ნორმირებული დროით, მოწმდება შრომის ინსპექციის სამსახურის მხრიდან, რომელსაც აქვს სანქცირების საკმაოდ მკაცრი მექანიზმები. მაგალითისთვის, ისევ მძიმე-მავნე საშიშპირობებიან საქმიანობაზე, არასრულწლოვნის დასაქმების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებული იყოს საქმიანობის შეჩერების მანდატიც. ასევე, პირობითად, არასრულწლოვნის დისკრიმინაციული მოპყრობის ან კიდევ იძულებითი შრომის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებული იყოს კომპანიის ბრუნვიდან გამომდინარე ოთხმაგი ჯარიმა ან ხუთმაგი ჯარიმა“, – განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ნატო ნათენაძემ.

ბავშვთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში იციან იმ შემთხვევების შესახებ, როცა არასრულწლოვნები ხანგრძლივად მუშაობენ მძიმე პირობებში, შესვენების გარეშე, რაც მათი უფლებების უხეში დარღვევაა.

მაშინ ვერ ხვდებოდა, მაგრამ ახლა მარტა ბარამიძეც ფიქრობს, რომ როცა 11 წლისამ მუშაობა დაიწყო, მისი უფლებები ნამდვილად დაირღვა.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend