მთავარისაქართველონინოწმინდის პანსიონში განვითარებული მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა

ნინოწმინდის პანსიონში განვითარებული მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია კვლავ საუბრობს ნინოწმინდის პანსიონში შექმნილ ვითარებაზე. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენებიდან ერთ წელი გავიდა, გამოძიებას ჯერჯერობით ეფექტიანი შედეგი არ მოჰყოლია.

ორგანიზაციებმა – „საფარი“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დღეს, 1 ივნისს პრესკონფერენცია გამართეს და კიდევ ერთხელ მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ აწარმოოს ობიექტური, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.

ორგანიზაციები ნინოწმინდის პანსიონის 11 აღსაზრდელის ინტერესს იცავენ. ამ დრომდე არასრულწლოვნებს დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ. ხოლო ადვოკატებს არ გადასცემიათ სისხლის სამართლის მასალები.

ორგანიზაციების განცხადებით, პრობლემურია ისიც, რომ ამ დრომდე ნინოწმინდისა და სხვა რელიგიური პანსიონების დეინსტიტუციონალიზაციის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

ნინოწმინდის პანსიონი ყურადღების ცენტრში ერთი წლის წინ, 2 ივნისს სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა.

ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პანსიონში, ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული. გარდა ამისა, ომბუდსმენი ბოლო დროის თითქმის ყველა ანგარიშში მიუთითებდა, რომ ასეთ დაწესებულებებში ცხოვრება ბავშვის ინტერესებს არ ემსახურებოდა, დასჯის მეთოდები კი მათ უფლებებს არღვევდა.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend