მთავარი საქართველო 2021 წელთან შედარებით სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა

2021 წელთან შედარებით სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ბავშვთა სიღარიბის მზარდი მაჩვენებელი ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება.

უწყების ცნობით, წინა წელთან შედარებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა და მათმა რიცხვმა 235 252-ს მიაღწია.

„ქვეყანაში არსებული პროგრამები კვლავ ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და მათი სოციალური ფუნქციის ამაღლებას. სახელმწიფოში კი ამ დრომდე არ არსებობს ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა შრომის შემცირების ეფექტიანი სტრატეგია და მექანიზმი“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 50 ლარით გაიზარდა და დღეიდან 150 ლარი იქნება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, ამისთვის კი ბიუჯეტიდან 341 მილიონი ლარი გამოიყოფა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც საქართველოში ბავშვებს აქვთ –  უინტერნეტობაა. „ჩართე“ ორგანიზაციაა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ინტერნეტის ყოველთვიურ გადასახადს უფინანსებს.

ორგანიზაციამ ხუთი წლის წინ დაიწყო მუშაობა და დონაციის საშუალებით 1 840 მოსწავლეს ჩაურთო ინტერნეტი.

„ჩართეს“ წარმომადგენლის თქმით, ეს საერთო სურათს ვერ ცვლის, რადგან ინტერნეტის გარეშე საქართველოში დაახლოებით 78 ათასი სოციალურად დაუცველი მოსწავლეა დარჩენილი.

„ეს რიცხვი რაც ავიღეთ, იყო პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც გვიჩვენა ჩვენმა მუშაობამ , ასევე “იუნისეფის” ანგარიშშიც დაახლოებით მსგავსი მაჩვენებელი გვაქვს, მაგრამ მუდმივად ცვალებადია. მუდმივად იცვლება სოციალური ფონი ქვეყანაში და შეიძლება უფრო მეტი ადამიანი რჩებოდეს ამ რესურსის გარეშე და, რა თქმა უნდა, საჭიროა უფრო კომპლექსური მიდგომა“, – მიიჩნევს მარიამ მჭედლიშვილი.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ქვეყანაში ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის მიზნით აუცილებელია ბავშვთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული მხარდამჭერი პროგრამების და სერვისების ეფექტიანობის გაზრდა. ასევე დამატებითი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.

გიორგი ბოლქვაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend