მთავარისაქართველოივლისში ცხინვალში არალეგიტიმური რეფერენდუმი არ გაიმართება

ივლისში ცხინვალში არალეგიტიმური რეფერენდუმი არ გაიმართება

მარტში, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ უკვე ყოფილმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთთან მიერთების რეფერენდუმი დანიშნა. ის ამბობდა, რომ ამ გზით მალე ახდება „დიდი ოცნება“.

ანატოლი ბიბილოვმა წინა არჩევნებზე ამ დაპირებით მოიპოვა ხმები. ის არასდროს მალავდა, რომ მისი მთავარი მიზანი და „დიდი ოცნება“ ეს იყო და რეალურად, ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას პერსპექტივა არ გააჩნდა. ამ დაპირებით მან  ბოლო არჩევნები ვერ მოიგო და „ბიბილოვის დიდი ოცნებაც“ ვერ ახდა.

ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. რეფერენდუმის თარიღი  დანიშნა მაშინ, როცა უკვე დე-ფაქტო პრეზიდენტობის ბოლო დღეებს ითვლიდა, ანუ ახალი დე-ფაქტო ლიდერის ინაუგურაციამდე.

ახალი ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი თავიდანვე არ მალავდა, რომ ბიბილოვის  განკარგულებას არ ეთანხმებოდა, თუმცა არ აკონკრეტებდა რაში. ახლა ეს უკვე ცნობილია. დე-ფაქტო ლიდერი ამბობს, რომ რეფერენდუმის კითხვის ფორმულირება არ მოსწონს.

რა არ მოსწონს გაგლოევს?

აღსანიშნავია, რომ განსხვავებული პოზიციის გამოხატვისა და ბიბილოვის მიერ დანიშნული რეფერენდუმის გაუქმების მიუხედავად, ალან გაგლოევს არ უთქვამს, რომ ასეთი რეფერენდუმი საერთოდ არ ჩატარდება.

ახალი დე-ფაქტო ლიდერი ამბობს, რომ რეფერენდუმით მათ ხალხს უნდა ჰკითხონ –   უჭერენ თუ არა მხარს რუსეთის ფედერაციაში შესვლას ცალკე სუბიექტის სახით,  და  არა სურთ თუ არა რუსეთთან მიერთება. გაგლოევი ამბობს, რომ ამ საკითხზე საჭიროა კონსულტაციების გაგრძელება მოსკოვთან.

გაგლოევის განცხადებით, კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ფინანსური კრიზისია. დე-ფაქტო პრეზიდენტი ამბობს, რომ ისინი ბანკიდან გამოიტანენ სესხს რეფერენდუმისთვის, იმ შემთხვევაში თუ ექნებათ გარანტია, რომ მოსკოვი მათ შემადგენლობაში მიიღებს.

საჭიროა სულ ნახევარი მილიონი დოლარი, რომელზეც გაგლოევი ამბობს, რომ არ აქვთ.

2022 წლის აგვისტოში გავა 14 წელი, რაც რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა. მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტ მიწას იტაცებენ უკანონო ბორდერიზაციის გზით.

თუმცა,  ცხინვალში სხვა ტერმინოლოგიას იყენებენ. იქ  2008 წლის ომს „ქართულ აგრესიას“ ეძახიან. ეს ტერმინი ალან გაგლოევმა კვირას, 29 მაისს,  ცხინვალში გამართულ მიღებაზეც გაიმეორა, სადაც დე-ფაქტო  რესპუბლიკა ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან  1 წელს აღნიშნავდნენ.

ჯერ უცნობია, დანიშნავს თუ არა რუსეთთან მიერთების რეფერენდუმს ალან გაგლოევი. თუმცა, ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნა – არ დანიშვნის საკითხი მოსკოვმა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, თბილისის გასაგონად,  სპეკულაციებისთვის გამოიყენოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend