“2015 წლის იანვარში მარიუპოლს “გრადებით” სერიოზულად დაარტყეს. ეს იყო 2015 წლის 24 იანვარს. მაშინ, მარიუპოლში 30 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 11 ადამიანი აზოვსტალის თანამშრომელი იყო”, – იხსენებს “ევრონიუს ჯორჯიასთან” საუბარში ენვერ ცქიტიშვილი, მარიუპოლში მდებარე ქარხანა „აზოვსტალის“ გენერალური დირექტორი.
ქარხანა 78 დღის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლო იყო. უკრაინული არმიის ნაწილები მთელი ამ დროის განმავლობაში იცავდნენ ქარხნის ტერიტორიას და თავშესაფრებში გამაგრებულ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც შემდგომ საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიების ჩართულობით ტერიტორიიდან გაიყვანეს. ეს იყო მაშინ, ვიდრე ფოლადის ქარხნის ტერიტორიიდან სამხედროების ევაკუაციაც მოხდებოდა.
ენვერ ცქიტიშვილი იხსენებს, რომ თავშესაფრების მოწყობა დაიწყეს ბევრად ადრე, ვიდრე უკრაინაში რუსეთი განმეორებით შეიჭრებოდა.
„2015 წელს რამდენიმე რაიონში გაიფანტა ჭურვები, იყო დიდი აფეთქებები, ხანძრები და ჩვენ მაშინ დავფიქრდით. ჩვენ დავფიქრდით, რომ მარიუპოლი, კერძოდ კი კომბინატი „აზოვსტალი“ მდებარეობს ფრონტის ხაზიდან 10 კილომეტრის რადიუსზე და არის დიდი საფრთხე იმისა, რომ მტერი გააგრძელებს იერიშის მოტანას ქალაქზე და თუ ასე მოხდა ისინი საარტილერიო შეტევას მიიტანენ „აზოვსტალზე“. ჩვენ მაშინ გავთვალეთ, რომ ჩვენი კომბინატის ტერიტორიაზე ბომბის 36 თავშესაფარია. უკრაინის ყველა მეტალის მწარმოებელ ქარხანას, ზოგადად საბჭოთა კავშირში ყველა ასეთ ქარხანას ჰქონდა ბომბის თავშესაფრები. თუმცა, ცხადია მაშინ არავინ უშვებდა, შემოგვიტევდა მოძმე ერი, რომელიც როგორც მაშინ გვეგონა, არასდროს დაგვესხმებოდა თავს“, – ამბობს „აზოვსტალის“ დირექტორი.
ენვერ ცქიტიშვილი „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში იმასაც იხსენებს, თუ რა სამუშაოები დასჭირდათ თავშესაფრების აღსადგენად. ის ამბობს: „ჩვენ აღვადგინეთ ვენტილაციის მთელი სისტემა, ჩვენ აღვადგინეთ კარების ჩაკეტვისა და უსაფრთხოების სისტემები. ეს ძალიან რთული სისტემაა. იქ ბომბის ყველა თავშესაფარს გააჩნია ორი ბრონირებული კარი. თითოეული მათგანი 30 სანტიმეტრი სიგანისაა… ბრონირებული კარები, რომლებიც მექანიკურად იკეტება… ასევე ვენტილაციის სისტემაც, მექანიკურია, რადგან, საარტილერიო შეტევის დროს ელექტროენერგია ითიშება. ჩვენ ამას ვაცნობიერებდით და ამიტომ ყველაფერი ინსტრუქციის მიხედვით აღვადგინეთ. ასევე, ბომბის ყველა თავშესაფარს უნდა ჰქონოდა ორი საევაკუაციო შესასვლელი და გასასვლელი. ისინი მდებარეობს საწარმოს ტერიტორიის გარეთ. თუ ჭურვები ხვდება საწარმოს და შენობა ინგრევა და შეუძლებელია ცენტრალური გასასვლელით სარგებლობა, მაშინ შესაძლებელია სარგებლობა საევაკუაციო გასასვლელებით. სხვათა შორის, ვიდეოჩანაწერებშიც ჩანს, რომ როცა ხდებოდა საწარმოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, ისინი ერთ-ერთი ასეთი გასასვლელიდან გამოდიან… საიდანაც შესაძლებელი იყო გამოსვლა და გადარჩენა შენობის განადგურების მიუხედავად“, – გვიყვება ენვერ ცქიტიშვილი.
ცქიტიშვილი ასევე იხსენებს პერიოდს, როცა ომის პირველ დღეებში თავშესაფრებში ხალხი გროვდებოდა.
„პირველ დღეებში ბომბის თავშესაფრებში იყო ორი ათასამდე ადამიანი. ესენი იყვნენ ყველა- მარიუპოლელებიც, “აზოვსტალელებიც“, რომლებსაც ჩვენ ვამზადებდით, მუდმივად ვწვრთნიდით 8 წლის განმავლობაში… ჩვენ ვატარებდით მუდმივ გადამზადებას და ამის ამსახველი ვიდეომასალაც გვაქვს, თუ როგორ იმალებოდა ხალხი და ჩადიოდა ბომბის თავშესაფარში. ეს წვრთნები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ 8 წელი ვამზადებდით ხალხს“- ამბობს ქარხნის დირექტორი.
„აზოვსტალის“ დირექტორმა „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში გაიხსენა ასევე ისიც, თუ როგორ აღმოჩნდნენ ქარხნის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროები.
„24 თებერვალს, პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შემდეგ, მებრძოლები თავად ირჩევდნენ სადისლოკაციო ადგილებს. ანუ, მთელი ძალაუფლება ასეთ დროს გადადის სამხედროების ხელში და ჩვენ მოქალაქეები ვალდებულნი ვიყავით უბრალოდ მათი ბრძანებები შეგვესრულებინა. ამიტომ, სამხედროებმა ქარხანა „აზოვსტალი“ აირჩიეს, როგორც საკუთარი ციხესიმაგრე, რომლითაც ისინი დაიცავდნენ მარიუპოლსა და „აზოვსტალის“ ტერიტორიას. შემდგომ გამოჩნდა, რომ ეს იყო ძალიან ეფექტიანად შერჩეული ადგილი.“-ამბობს ენვერ ცქიტიშვილი. მან ასევე ისაუბრა ფოლადის ქარხნის ტერიტორიის მასშტაბებზე და ახლა, იქ არსებულ მდგომარეობაზე მაშინ, როცა რუსი სამხედროები ტერიტორიას საკმაოდ ნელი ტემპით ამოწმებენ.
„ეს არის ქალაქი ქალაქში. ძალიან დიდი. საწარმოები არის მიწის ზემოთაც და ჩვენ გვაქვს ასევე ტექნიკური გვირაბების სისტემა, რომლებიც მიწის ქვემოთ 8 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. ყველა ეს ადგილი შესამოწმებელია, მაგრამ დაბომბვების შემდეგ შენობები დანგრეულია. იქ უბრალოდ შესვლაც კი საშიშია სიცოცხლისთვის, რადგან შესაძლოა დაგეცეს რადიატორები ან სხვა მეტალის კონსტრუქციები საავიაციო დაბომბვების შედეგ…
ვის შეეძლო წარმოედგინა, რომ კომბინატი და ქალაქი ასე მხეცურად დაიბომბებოდა. საავიაციო ბომბებით ტონიდან ხუთ ტონამდე მასით… 41 წელსაც კი, როცა ჰიტლერის არმია უტევდა მარიუპოლს – ასეთი დაბომბვები არ ყოფილა.
საწარმოს მფლობელმა რიტან ახმეტოვმა თქვა, რომ ეს ქარხნები იმუშავებს მხოლოდ უკრაინაში და მხოლოდ უკრაინული კანონებით. ის აღადგენს ქარხნებს და ჩვენც აღვადგენთ მასთან ერთად. და ჩვენ აღვადგენთ მარიუპოლს.“
სოფო მაქაცარია