საქართველოს პარლამენტში დღეს, 27 მაისს მთავრობის წევრებს, სამ მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს მოუსმინეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დაახლოებით 4-ის ნახევარზე მივიდა. ის 7-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ინტერპელაციის წესით დაიბარა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მინისტრი ვალდებულია, საინტერპელაციო კითხვებს პლენარულ სხდომაზე უპასუხოს. ინტერპელაცია, მინისტრის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის გარდა, დებატების გამართვასაც ითვალისწინებს.
“რა სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს აწარმოებს საქართველოს მთავრობა იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიის, საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისა თუ სხვა სუბიექტების გამოყენებით, რუსეთის ფედერაციამ და მათმა წარმომადგენლებმა სანქციების რეჟიმი არ დაარღვიონ”, – სწორედ ეს კითხვა გაუგზავნა 7-მა დეპუტატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე საქართველოს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია და ამას არც აპირებს, საქართველოს ხელისუფლება არც ერთ სანქცირებულ პირსა თუ კომპანიას არ მისცემს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის საშუალებას.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველომ უკრაინას პოლიტიკურ დონეზე ყველა საერთაშორისო ფორმატში დაუჭირა მხარი. თუმცა საქართველომ არ დაუწესა რუსეთს ეკონომიკური სანქციები, რადგან ეს არ შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. მისივე განმარტებით რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოსთვისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას ნიშნავდა.
„იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ეროვნულ დონეზე ეკონომიკური სანქციები არ დაუწესებია რუსეთის წინააღმდეგ და ამას არც გავაკეთებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ტრიბუნიდან მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, ჩვენ არ დავუშვებთ არც ერთი სანქცირებული ინდივიდისა და კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ არ მივცემთ უფლებას არც ერთ სანქცირებულ კომპანიას თუ ინდივიდს, ფიზიკურ პირს, გამოიყენოს საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის. არც ერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არაერთი ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება, ცილისწამება გვესმის როგორც ოპოზიციის მხრიდან, ისე, სამწუხაროდ, უკრაინის მთავრობის მხრიდანაც. 1 მილიონი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული და რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიებზე. ამ ფონზე ეროვნული ეკონომიკური სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციისთვის, რა თქმა უნდა, ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ საკუთარ მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით კი, მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან ვერ მიიღეს პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუშლის ხელისუფლება ხელს იმას, რომ რუსეთმა სანქციებს გვერდი საქართველოს გავლით არ აუაროს, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს არც კანონმდებლობაზე, არც სტრატეგიაზე და არც სამოქმედო გეგმაზე არ უსაუბრია.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიიღოს. ამასთან ერთად, ოპოზიციის წევრები თანხმდებიან, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, გამორჩეულად სუსტი პოზიცია აქვს.
„თქვენ გაგიტარებიათ ბევრი ღონისძიება, განცხადებები და ა.შ., რაც კარგია, მაგრამ ჩვენი კითხვა ეხებოდა იმ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს, რომლებიც მებაჟეებს, მესაზღვრეებს, პოლიციელებსა და სხვას შეაძლებინებს იმას, რომ ის სანქციები, რომლებზეც საქართველო მიერთებულია, გაუმკლავდეს და ზუსტად შეასრულოს – ანუ რა ხდებოდა 23 თებერვალს, რა იყო დაშვებული და დღეს უკვე დაუშვებელია სანქციების გამო. ამაზე, ალბათ, წერილობითი დოკუმენტი შეიქმნება, რომელიც ჩვენ, სხვათა შორის, არ მიგვიღია. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა დაემთხვა იმ მომენტს, როდესაც საქართველო უმნიშვნელოვანესი მოვლენის წინაშე დგას. ეს არის ევროპერსპექტივის საკითხის გადაწყვეტა ევროპაში. ცხადია, უკრაინასთან ურთიერთობა და საგარეო ურთიერთობები უკავშირდება ამ საკითხს. მიუხედავად იმისა, ჩვენ რას ვფიქრობთ თქვენს ნათქვამზე ან თქვენ რას ფიქრობთ იმაზე, ჩვენ რას ვლაპარაკობთ, გთხოვთ, გვითხრათ, კონკრეტულად რა გადამწყვეტ ნაბიჯებს გეგმავს მთავრობა. რა უნდა გააკეთოს საქართველომ, ერთიანმა ქვეყანამ და სახელმწიფომ და როგორ უნდა დაარწმუნოს ევროპელი პარტნიორები იმაში, რომ საქართველო იმსახურებს ევროპული პერსპექტივის მიღებას, რაც გვინდა, რომ მივიღოთ და რა არის ის გეგმა, რომლის განხორციელებასაც უახლოეს დღეებში აპირებს საქართველო, რომლის მეთაური და პრემიერი თქვენ ხართ“, – მიმართა დავით უსუფაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს.
„ჩვენ გვქონდა კონკრეტული წინადადებები, 7-პუნქტიანი გეგმა, რომელიც შევთავაზეთ, თუმცა მათგან პასუხი არის მხოლოდ ტყუილი, ცრუ ბრალდებები და მუქარები. მარტივად რომ შევაჯამოთ, დღევანდელი დღე არის – “შეაყარე კედელს ცერცვი”, ზუსტად ამ ვითარებაში ვიმყოფებით. იგონებენ ტყუილებს და ამაზე საუბრობენ. გული მწყდება, რომ ამ ისტორიული შესაძლებლობის დროს ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც ერთიანობაზე ამბობს უარს, გახლეჩაზე დებს ფსონს და რომელიც აკეთებს ყველაფერს, რომ უარი მივიღოთ კანდიდატის სტატუსზე. ახლა ჯერი ჩვენზეა, ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ დასავლელ პარტნიორებს, რომ საქართველომ ისტორიული შანსი არ გაუშვას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ.
„ღარიბაშვილმა განაცხადა, თითქოს ევროპარლამენტში მე და ჩემი კოლეგები ვლობირებდით იმას, რომ სტატუსი არ მივიღოთ, სიმართლე კი არის საწინააღმდეგო. ჩვენ ევროპარლამენტში ვითხოვდით, რომ მიიღონ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი რეზოლუცია, როგორიც მიიღეს მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში. პასუხად მივიღეთ, რომ “ქართული ოცნება” აქტიურად ცდილობს, რეზოლუცია არ იქნეს მიღებული“, – თქვა სალომე სამადაშვილმა, „ლელოს“ დეპუტატმა.
დღეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს, ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, კიდევ სამი მინისტრი პასუხობდა.
პლენარულ სხდომაზე პირველი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარდგა. მის შემდეგ კი დეპუტატების კითხვებს საქართველოს ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრებმა, ლევან დავითაშვილმა და რატი ბრეგაძემ უპასუხეს.
ანანო ღუდუშაური