მთავარისაქართველო„საქართველო მხარს უჭერს უკრაინას“- წლევანდელი წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სლოგანია

„საქართველო მხარს უჭერს უკრაინას“- წლევანდელი წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სლოგანია

26 მაისიდან თბილისში გამომცემლები და ავტორები მკითხველს კვლავ შეხვდებიან.

ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას პავილიონში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება და მკითხველს ოთხი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

„ამ ფესტივალის დიდი მოყვარული ვარ. სახლშიც დიდი ბიბლიოთეკა მაქვს და ყოველ წელს მოუთმენლად ველოდები ფესტივალს. პანდემიის დროს ასეთი მასშტაბით არ ჩატარებულა ფესტივალი. ძალიან მიხარია“, – ამბობს ფესტივალის სტუმარი მაია ჭიჭინაძე.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება – მოეწყობა მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისათვის. ავტორებსა და გამომცემლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისაუბრონ თავიანთ ნამუშევრებზე და შეხვდნენ მკითხველებს.

„დღეს ლიეტუველ და უკრაინელ ავტორთან ერთად დაგეგმილი გვაქვს ღონისძიება. რა თქმა უნდა, ვერ გავექცევით ომის თემას. ვისაუბრებთ ომსა და ლიტერატურაზე“, – თქვა მწერალმა ივა ფეზუაშვილმა.

„ჩვენ ბევრი სიახლე გვაქვს. მკითხველი შეძლებს ავტორებთან შეხვედრას. და მიხარია, რომ ყოველწლიურად იზრდება მკითხველების ინტერესი”, – აღნიშნავს გამომცემელი ზვიად კვარაცხელია.

წელს ორგანიზატორები სტუმრებს არაერთ სიახლესა და მრავალფეროვან პროგრამას ჰპირდებიან.

„ვფიქრობ, რომ პანდემიის შემდეგ მკითხველებს მოსწყურდათ ასეთი ფესტივალი. დღეს წარმოვადგენთ ახალ გამოცემებსა და წიგნებს. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გემოვნების მკითხველს დავაკმაყოფილებთ“, – იმედოვნებს ფესტივალის ორგანიზატორი გვანცა ჯობავა.

წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „საქართველო მხარს უჭერს უკრაინას“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია უკრაინელი ილუსტრატორების მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე ილუსტრაციების გამოფენის მოწყობა.

კითხვის მოყვარულებს წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 29 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend