მთავარისაქართველომიხეილ სააკაშვილს სამედიცნო ექსპერტიზა ჩაუტარდება

მიხეილ სააკაშვილს სამედიცნო ექსპერტიზა ჩაუტარდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება. დღეს, 25 მაისს, მორიგ სასამართლო პროცესზე, სადაც საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე განიხილებოდა, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა კიდევ ერთხელ დააყენეს შუამდგომლობა მათი დაცვის ქვეშ მყოფთან სამედიცინო ექსპერტების დაშვების შესახებ. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ეს შუამდგომლობა ამჯერად დააკმაყოფილა და დაავალა პენიტენციურ სამსახურს „ცენტრ ემპათიის“ ექსპერტების დაშვება მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტთან.

სასამართლომ ეს შუამდგომლობა ბოლო სამი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე განუხილველი დატოვა. სასამართლოს პოზიციის მიხედვით, ურთიერთგამომრიცხავი იყო პენიტენციური სამსახურის ოქმი და მიხეილ სააკაშვილის განცხადება სასამართლო პროცესების წარმართვის შესახებ. ოქმში ეწერა, რომ ბრალდებული უარს აცხადებდა მის გარეშე წარმართულიყო სხდომები. მესამე პრეზიდენტის განცხადებაში კი ადვოკატების თქმით, აღნიშნული იყო, რომ ის თანახმა იყო სასამართლოს მისი უფლებადამცველების შუამდგომლობაზე ემსჯელა.

„სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. დაევალოს პენიტენციურ დაწესებულებას „ცენტრ ემპათიის“ ექსპერტების დაშვება მიხეილ სააკაშვილთან. გამომდინარე იქიდან, რომ მას დანიშნული აქვს სამედიცინო ექსპერტიზა“ – თქვა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დღევანდელ სხდომაზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლო ამ დრომდე მიზანმიმართულად არ აკმაყოფილებდა მათ შუამდგომლობას ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ ექსპერტების დასკვნა მნიშვნელოვანია, როგორც შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯებისთვის, ასევე მკურნალობისთვის.

„ერთადერთი, რაც სასამართლომ გააკეთა, მოხდა ლუსტრაცია იმისა, რომ პენიტენციური სამსახური თვეების განმავლობაში არღვევდა კანონს და დაავალა, შეეწყვიტა კანონის დარღვევა. ექსპერტიზის დასკვნა არის მტკიცებულებითი ხასიათის დოკუმენტი, ეს შეიძლება იყოს მტკიცებულება, მათ შორის, სასამართლო პროცესზე. ჩვენ გვექნება საექსპერტო მოსაზრება, რომელსაც მტკიცებულებით ძალას აქვს, რაც მოგვცემს საშუალებას, დავგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები, იქნება ეს დაცვის სტრატეგია თუ მკურნალობა“ – აცხადებს შოთა თუთბერიძე.

მიხეილ სააკაშვილი ორი კვირაა კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს. მისი ოჯახის წევრების განცხადებით, მესამე პრეზიდენტმა გუშინ, 24 მაისს, ცნობიერება დაკარგა. კლინიკა „ვივამედმა“ პირველი წერილობითი განცხადება სწორედ 24 მაისს გაავრცელა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაციონარში ყოფნის დროს არ გაუარესებულა. „ვივამედის“ განცხადებაში წერია, რომ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ნანახი ცვლილებები ხანდაზმულია, არ არის კავშირში პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობასთან და არ საჭიროებს აქტიურ სამედიცინო ჩარევას. ამ მოსაზრებებს „ცენტრ ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი არ ეთანხმება.

„ვივამედის“ განცხადებას მე ვერ გავიზიარებ. სამწუხაროდ, იქ ბევრი კითხვის ნიშანი და გაუგებრობაა. რაც შეეხება ჩვენს ექსპერტიზას, ეს იქნება სხვადახვა სპეციალისტის მიერ დაკომპლექტებული მულტიდისციპლინური ჯგუფი და ჩატარდება კომისიური ექსპერტიზა. ამის შემდეგ ვიმსჯელებთ, რამდენად შესაძლებელია საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. შემიძლია ვთქვა, რომ 7 თვის განმავლობაში მას არ უტარდებოდა არც ადეკვატური მკურნალობა და არც დიაგნოსტიკა. შესაბამისად, არ არის იმედი იმისა, რომ შემდგომში იქნება ამისი შესაძლებლობა“ – ამბობს „ცენტრ ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend