მთავარისაქართველო"მაღიარე" - ფილმი ეთნიკურად აზერბაიჯანელ შშმ პირებზე

“მაღიარე” – ფილმი ეთნიკურად აზერბაიჯანელ შშმ პირებზე

„წითელი ხიდი“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელების კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია. მათი ინიციატივით საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში  გაიმართა დოკუმენტური ფილმის „მაღიარეს“ პრემიერა, რომელიც  ეთნიკური უმცირესობების ყველაზე დაუცველი ჯგუფის – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გამოწვევებზე მოგვითხრობს.

ფილმის ჩვენებაზე ბერვი ადამიანი მივიდა. თავიდან ვერავინ ხვდებოდა, ვინ ითხოვდა აღიარებას და რა რატომ. შემდეგ კი, ეკრანზე შეზღუდული შესაძლებლობების პირები გამოჩნდნენ და თავიანთ პრობლემებზე დაიწყეს საუბარი. ისინი საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან. ამბობენ, რომ არ უნდათ სხვებისაგან გამორჩეულები იყვნენ, მუშაობა უნდათ, ჩვეულებრივი ცხოვრება და სხვათა თანასწორი სიხარული. მათ უნდათ, რომ ისინი აღიარონ…

დოკუმენტურ ფილმზე არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ხიდის“ წარმომადგენლები მუშაობდნენ. ფილმის ჩვენების დაწყებამდე ისინი მოწვეულ სტუმრებთან ერთად საუბრობდნენ იმ პრობლემებზე, რომლებიც აზერბაიჯანულ თემსა და  შშმ პირებს უდგათ. საუბრობდნენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.

„ჩვენ დოკუმენტური ფილმი ამის შესახებ გადავიღეთ, სადაც ჩანს თუ რა გამოწვევების წინაშე არიან ეთნიკურად აზერბაიჯანელი შშმ პირები. ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად შშმ პირებისთვის ქვეყანაში ძალიან მძიმე რეალობაა, თუმცა ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში ეს ორმაგი პრობლემაა. აქ საქმე გვაქვს ენობრივ ბარიერთან და სერვისების მიუწვდომლობის პრობლემასთან“, – ამბობს ორგანიზაციის დამფუძნებელი ჯეიჰუნ მუჰამედალი.

„ფილმის გადაღების პროცესში გამოიკვეთა, რომ პრობლემა ბევრად უფრო მწვავეა, ვიდრე ჩვენ გვეგონა. ფილმის მიზანიც არის სწორედ ის,რომ ამ ადამიანებმა უფრო გაიმარტივონ ცხოვრება, ინტეგრირდნენ გარემოში და თავი სრულყოფილ მოქალაქეებად იგრძნონ. ჩვენი ორგანიზაციის ამოცანაც ეს არის, რომ აზერბაიჯანელი თემი სრულყოფილად ინტეგრირდეს ჩვენს საზოგადოებაში“,- მიიჩნევს ორგანიზაციის თანადამფუძნებელი ნატალია ჯალაღონია.

ამ ყველაფერზე არაერთხელ თქმულა, მაგრამ პროექტის ავტორებს უნდათ, რომ საზოგადოების ყურადღება მუდმივად იყოს მიპყრობილი დაუცველი მოქალაქეების მიმართ და ეს დამოკიდებულება გააზრებულად შეიცვალოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ხიდი“ უკვე წელიწადზე მეტია არსებობს. ამ ხნის განმავლობაში მათ რამდენიმე საინტერესო პროექტი წამოიწყეს. ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ მათი სურვილია ქართველები და აზერბაიჯანელები სწორედ ისე იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან, როგორც წითელი ხიდი აკავშირებს აზერბაიჯანსა და საქართველოს.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend