კანონპროექტი – „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ პარლამენტში განსახილველად წარდგენილია და ახლა მისი სამუშაო ვერსიის მოსახლეობისთვის გაცნობა მიმდინარეობს. ეთნიკურ უმცირესობებს კანონპროქტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად აცნობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელებისათვის, კანონპროექტის პრეზენტაციის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ისმაილოვამ განაცხადა, რომ ნამდვილი გვარის დაბრუნება მათი დიდი ხნის სურვილი და ოცნებაა.
“ამ კანონპროექტის პრეზენტაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი მიღებით სახელმწიფო დისკრიმინაციის კიდევ ერთი ფორმის გაუქმებისკენ გადადგამს ნაბიჯს, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო თანასწორობას. ეთნიკური წარმომავლობის იდენტური გვარის დაბრუნება არადომინანტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი თითოეული მოქალაქისათვის უმნშვნელოვანესია“,- განაცხადა ისმაილოვამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით,
კანონპროექტის მიღების შედეგად, ფორმირებული იქნება გვარის შეცვლის დეტალიზებული პროცედურა, შედეგად კი, განმცხადებლები აღნიშნული სერვისის მიღებას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებაში შეძლებენ.
„უკვე დიდი ხანია სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან იქნა ეს საკითხი დაყენებული. პარლამენტმა განიხილა ეს თემა. მოუსმინა მხარეებს და შეიმუშავა კანონპროექტი, რომელსაც ეთნიკური უმცირესობების წარმოადგენელ საქართველოს მოქალაქეებს ვაცნობთ. ამ კანონპროექტს პარლამენტი კანონად მალე მიიღებს“, – აცხადებს პაპუაშვილი.
უკვე წლებია, საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა, საბჭოთა რეჟიმის მიერ წართმეული ავთენტური გვარების დაბრუნებას საკანონმდებლო დონეზე ითხოვს. სამოქალაქო აქტივისტებმა გასულ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით კამპანია „#გვარიდამიბრუნეს“ ფარგლებში 27 000-მდე ხელმოწერა შეაგროვეს. შემდეგ კი, მოთხოვნა ხელმოწერებთან ერთად, პარლამენტში მიიტანეს. საქართველოს პარლამენტმა მათი საკანონმდებლო ინიციატივა და ხელმოწერები ტექნიკური შეცდომების გამო დაახარვეზა. თუმცა, მმართველ პარტიაში თქვეს, რომ ალტერნატიულ კანონზე თავად „ქართული ოცნების“ დეპუტატები მუშაობდნენ. კამპანიის ორგანიზატორ პლატფორმა „სალამ“-ის წარმომადგენელი ქამრან მამადლი ამბობს, რომ დროში ხანგრძლივობის მიუხედავად, შედეგის მიღწევა შესაძლებელია. მთავარია ხელისუფლებამ საკმარისი პოლიტიკური ნება გამოიჩინოს.
„პარლამენტის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს რამდენიმე ხარვეზი აქვს ჩვენთვის. მაგრამ, ყველაზე მნშვნელოვანია, ამ უფლებით სარგებლობის ხუთ წლიანი ვადით შესაძლებლობა. კანონის მიღებიდან 5 წლის შემდეგ მოქალაქე ამ უფლებით ვეღარ ისარგებლებს, რაც ვფიქრობთ შეზღუდვაა. თუმცა, ერთმნიშვნელოვნად აუცილებლად უნდა მიიღონ ეს კანონი, რადგან ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, მაგრამ გვაქვს ჩვენი ეთნიკური კულტურა და გვინდა ჩვენს სახელებსა და გვარებში ეს ჩანდეს. რატომ უნდა გვქონდეს გვარში რუსული დაბოლოება, რომელიც რუსიფიკაციის პერიოდიდან გვაქვს? ჩვენ კონსტიტუციურად გვაქვს ამის უფლება. ვმუშაობთ პარლამენტთან, რომ მათი ეს პოლიტიკური ნება კიდევ უფრო არ გაიწელოს დროში“, – აცხადებს ქამრან მამადლი.
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებასთან სრულად ინტეგრაციის მიმართულებით, ავთენტური გვარის დაბოლოების აღდგენის გარდა, საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფოსგან, ქართული ენის უფასოდ და ხარისხიანად სწავლასაც ითხოვენ.
ალეკო გვეტაძე