მოხუცები ყოველ დილით მორჩილად დგანან რიგში, რომ ჰუმანიტარულ სასადილოში ისაუზმონ.
75 წლის ეზოფინე სასადილოში უკვე რამდენიმე თვეა დადის. იმისთვის, რომ მშიერი არ დარჩეს, ყოველდღე გიორგიწმინდიდან თბილისში ჩამოდის.
„სხვა არაფერი დახმარება არ გვაქვს, რამდენჯერ დავწერე განცხადება ფულად დახმარებაზე, თუმცა არაფერი მიმიღია“, – ამბობს ეზოფინე.
ეზოფინეს ბედს სასადილოში ბევრი იზიარებს.
აი, რას ამბობენ ისინი:
„ძალიან ძნელია, ყველაფერი გაძვირებულია. ეს სასადილო მშველის მხოლოდ. სოციალურად დაუცველი ვარ. სახლში ორი გოგო მყავს, ორივე უმუშევარია.“
“მარტოხელა ვარ, დედიკო. ეს სასადილო ჩემთვის ყოველდღიური ლუკმა-პურია.“
ჰუმანიტარული სასადილო 450-მდე ბენეფიციარს იღებს – 250 მოხუცებულსა და შშმ პირს და 200-მდე ბავშვს. აქ ის ხალხი მოდის, ვისაც დახმარება უკიდურესად სჭირდება.
საკვებ პროდუქტებზე ფასების მომატება ჰუმანიტარულ სასადილოზეც აისახა.
„ყველაზე დიდი პრობლემა ფასების ზრდაა. ჩვენი ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი საკვებ პროდუქტებზე მიდის, ამიტომაც გაზრდილმა ფასებმა საშინელ მდგომარეობაში ჩაგვაგდო“, – წუხს საქართველოს კარიტასის სოციალური დაცვის პროექტების ხელმძღვანელი ინგა ჩხეიძე.
ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები თავიანთი სურვილით სასადილოს სხვადასხვა საკვები პროდუქტით ამარაგებენ.
„ხანდახან ჩვენთან შემოდის სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან ან კერძო პირისგან დახმარება. ისინი სხვადასხვა საკვებ პროდუქტებს გვიგზავნიან – ფქვილს, მაკარონს, შაქარს. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი მხარდაჭერა, მით უფრო მეტ გაჭირვებულს დავაპურებთ. ბენეფიციართა უმეტესობას არ ჰყავს არავინ და არც სხვაგან წასასვლელი არ აქვს“, – ამბობს ინგა ჩხეიძე.
პაატა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ჰუმანიტარული სასადილოს მოხალისეობრივად ეხმარება.
„ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ზოგი თანხით ეხმარება ხალხს. მე ამ გზით გადავწყვიტე ამ მოხუცებს დავხმარებოდი“, – ამბობს პაატა.
გაძვირებული პროდუქტები და ბენეფიციართა გაზრდილი რაოდენობა იმ საფრთხეს აჩენს, რომ ყოველდღიური სადილის გარეშე დარჩნენ ის ადამიანები, ვისთვისაც უკვე წლებია, ერთი თეფში ცხელი სადილი გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.
ნინი დვალიშვილი