„ქართული ტელეკომპანიის, „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3-წელიწადნახევარი მიუსაჯეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით. პოლიტიკური ოპოზიციის დადუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელ გზაზე დააყენებს“, – დაწერა „ტვიტერზე“ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა, ჯიმ რიშმა.
„ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ირჩევს არა დემოკრატიას, არამედ პუტინის რეჟიმის მსგავს მმართველობას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ნებისმიერ ფასად შესანარჩუნებლად?“ ეს ხომ არ არის საბოტაჟი მისი მხრიდან საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის წინ?“, – დაწერა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ „ტვიტერზე“.
„ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე საქართველოში“, – დაწერა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ტვიტერზე“.
ასე ეხმაურებიან „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას საერთაშორისო პარტნიორები. დასავლელი პარტნიორების შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი პოლიტიკური მართლმსაჯულების მაგალითია და ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზეც იქონიოს გავლენა.
ნიკა გვარამიას დაკავებას ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ეხმაურებიან.
„იმისათვის დაიჭირეს, რომ ძალის დემონსტრირება მოეხდინათ, სწორედ ეს არის ივანიშვილის ამოცანა – დემორალიზება, რომ მე როცა მინდა, გიჭერ, ასეთ აბსურდზეც კი – შენი „ფირმის“ მანქანა რატომ გამოიყენე, როდესაც მენეჯერი იყავი“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
„ამ მომენტში, როდესაც ასეთი რაღაცები ხდება, ასეთი რამის გაკეთება, ჩემი აზრით, არ ემსახურება მართლმსაჯულებისა და კანონიერების აღდგენის ინტერესებს. არც ადრე და არც მერე, მაგრამ ახლა მაინცდამაინც, ამის გაკეთება უბრალოდ არაფერში არ წერია და გასაგებია, რომ ეს სამართლიან სასამართლოსთან კავშირში არ არის“, – თქვა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.
საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთებას „ქართულ ოცნებაში“ ასე პასუხობენ:
„იგივე განცხადებები კეთდებოდა 2017 წელსაც. სამწუხაროდ, მათ შორის იყო საელჩოების განცხადებებიც, რამაც გვარამიას მისცა საშუალება, რამდენიმე მილიონით გაეძარცვა „რუსთავი 2“. დღესაც გვაქვს იგივე სახეზე. რა დგას ამის უკან, მე არ ვიცი, მაგრამ ეს არის ფაქტი, მოცემულობა. ასევე, საელჩოების განცხადებებმაც 2017-2019 წელს გვარამიას საშუალება მისცა, გაეგრძელებინა „რუსთავი 2-ის“ ძარცვა. სამწუხაროდ, დღესაც ვხედავთ იმავეს, რაც არის ძალიან მძიმე და სამწუხარო მოვლენა. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამხელა მასშტაბის კოორდინაციას ახორციელებს, ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ ვიტყვით და არ ვიტყვით, მაგრამ არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რასაც სჭირდება ფაქტის კონსტატაცია. შეფასებაში ჩვენ არ შევალთ. მაგრამ ყველას მოვუწოდებთ, არ გაიმეორონ იგივე, რაც გააკეთეს 2017 წელს, როცა გვარამიას მისცეს დამატებით რამდენიმე მილიონით „რუსთავი 2-ის“ გაძარცვის საშუალება და პრაქტიკულად, გაუადვილეს მას იმ დანაშაულის ჩადენა, რომელიც მიმართული იყო მედიასაშუალების, ტელეკომპანიის წინააღმდეგ. კონკრეტულმა კრიმინალებმა ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალი და როდესაც ამასთან დაკავშირებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კეთდება კრიტიკული განცხადება, ეს, რა თქმა უნდა, არის კრიმინალისთვის ხელის დაფარების გარკვეული ფორმა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ნიკა გვარამიას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში აპირებენ. იქამდე კი უფლებადამცველები და ოპოზიციის ნაწილი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, შეიწყალოს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი.
ანა ალელიშვილი