მთავარიმსოფლიოევროკავშირი და აშშ ცდილობენ, კიდევ უფრო გააღრმაონ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები

ევროკავშირი და აშშ ცდილობენ, კიდევ უფრო გააღრმაონ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები პარიზში გამართულ ორდღიან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ ისეთ საკვანძო საკითხებზე, რომლებზეც რუსთ-უკრაინის ომმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგების საპასუხოდ ბრიუსელსა და ვაშინგტონს გლობალური მიწოდების ჯაჭვის გაძლიერება სურთ.

კონფლიქტის შედეგად მნიშვნელოვანი კომპონენტები აღარ არის ხელმისაწვდომი, შეფერხდა გარკვეული საქონლის წარმოებაც, რამაც სირთულეები წარმოშვა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს.

სწორედ ამ მიზეზით, ევროკავშირი და შეერთებული შტატები მეორე შეხვედრაზე ცდილობდნენ, მოსკოვის წინააღმდეგ ერთიანი პოზიციებით წარმდგარიყვნენ.

ვალდის დომბროვსკისი, ევროკომისარი სავაჭრო საკითხებში, აღნიშნავს, რომ რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესია მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის მიწოდების თვალსაზრისით. ეს ეხება ბევრ პროდუქტს არაერთ ქვეყანაში, პირველ რიგში კი – ენერგორესურსებს, რომლებთან დაკავშირებითაც მათ უკვე მიაღწიეს შეთანხმებას.

ბრიუსელსა და ვაშინგტონში სურთ, შეიმუშაონ ერთგვარი სისტემა, რომელიც  ნახევრგამტარების წარმოების შეფერხებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს წინასწარ გამოავლენს. კიდევ ერთი მიზანია, რომ რუსეთს აღარ ჰქონდეს წვდომა ძირითად ტექნოლოგიებზე.

შეერთებული შტატების ვაჭრობის მდივანი ჯინა რაიმონდო ამბობს, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა შეძლეს, სწრაფად გაერთიანებულიყვნენ და რუსეთის წინააღმდეგ დაეწესებინათ მკაცრი საექსპორტო კონტროლი. მისი თქმით, რუსეთს უკვე აღარ აქვს წვდომა იმ ტექნოლოგიებზე, რომლებიც სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად სჭირდება.

თუმცა მათი ყურადღება, რუსეთის გარდა, ჩინეთისკენაცაა მიმართული, რადგან ჩინეთი მსოფლიოში ნახევარგამტარების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანაა. ბრიუსელი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ  ამ საკითხზე ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend