მთავარისაქართველოსაქართველოს საპატრიარქო - გაუგებარია რუსეთის პატრიარქის მილოცვა ე.წ. სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტისადმი

საქართველოს საპატრიარქო – გაუგებარია რუსეთის პატრიარქის მილოცვა ე.წ. სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტისადმი

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მილოცვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი, ე.წ. არჩევნებში მის გამარჯვებასთან დაკავშირებით გაუგებარია, იმ ფონზე, როცა რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საპატრიარქოში აცხადებენ, სამწუხაროა, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარების ყოველი მცდელობა უმნიშვნელოვანესია, იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას.

„მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მილოცვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი, ე.წ. არჩევნებში მის გამარჯვებასთან დაკავშირებით.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის აღნიშნული წერილი ბადებს გაუგებრობას, რადგან

ა. რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

ბ. საქართველოს ეკლესია, საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებაც ცნობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ადმინისტრაციებს მიიჩნევს საოკუპაციო რეჟიმად.

სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარების ყოველი მცდელობა უმნიშვნელოვანესია, იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას”, – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის პატრიარქმა კირილემ 13 მაისს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ალან გაგლოევს და “სულიერი და ფიზიკური სიძლიერე, მშვიდობა და ღვთის შეწევნა” უსურვა “სამხრეთ ოსეთის ხალხის წინაშე მომავალ მაღალ სამსახურში”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend