მეორე დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს – თუმცა ჯერ ისევ არ არის ცნობილი მისი გამოკვლევების შედეგები და კლინიკის ექიმების დიაგნოზი.
მიხეილ სააკაშვილი დღეს დედამ და ადვოკატებმა მოინახულეს. მის პირად ექიმს, პაციენტის მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა, თუმცა როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ განმარტა, ის შეხვდა სამედიცინო პერსონალს, გაეცნო კვლევების შედეგებს და მკურნალობის პროტოკოლი ერთად დაიგეგმა.
დღეს, 13 მაისს, მესამე პრეზიდნეტის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელმა ნინო ნადირაძე-კუზანოვამ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობს და ყველა საჭირო კვლევა უტარდება.
გიული ალასანიამ დღეს სამკუნრალო დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა პენიტენციური სამსახურის მხირდან მოჩვენებითი ნაბიჯია და რამდენიმე დღეში კვლავ იგეგმება მესამე პრეზიდენტის საპატიმროში დაბრუნება.
მიხეილ სააკაშვილის დედა კვლავ საუბრობს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის აუცლიებლობაზე. გიული ალასანიამ თქვა, რომ მას მოლაპარაკება ჰქონდა პოლონეთის საელჩოსთან და დიპლომატიური უწყება მზად არის მესამე პრეზიდენტის ტრანსპორტირება უზრუნველყოს.
„აქ მოსვლამდე ვიყავი პოლონეთის საელჩოში და რაღაც მარტივი სცენარი დაიხატა ჩემთვის – კი გადმოიყვანეს ამ კლინიკაში, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ეს არის დროებითი. სამ დღეში ჩვენი პრემიერი მიბრძანდება ბრიუსელში, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ საავადმყოფოში მისი გადმოყვანა მოჩვენებითია, ეს ბრიუსელისთვის გაკეთდა. ვფიქრობ, რომ ბრიუსელის მერე, აპირებენ ისევ ციხეში უკან დაბრუნებას, სადაც უსათუოდ მოკვდება, თუ მანამდე არ მოხდა ეს“ – განაცხადა მესამე პრეზიდენტის დედამ კლინიკა „ვივამედის“ დატოვების შემდეგ.
მიხეილ სააკაშვილს სახალხო დამველის ინიციატივით შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმმა დიაგნოზი 27 აპრილს დაუსვა. ექიმებმა ის საპატიმროში 22 აპრილს მოინახულეს. მათი დასკვნის მიხედვით, მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს დეპრესია, ანორექსია და კუნთების განლევა დაუდგინდა.