მთავარიევროპაუკრაინაომი ევროპაში: უკრაინული არმია ხარკივთან წინ მიიწევს

ომი ევროპაში: უკრაინული არმია ხარკივთან წინ მიიწევს

აღმოსავლეთ უკრაინაში, სახელმწიფოს სიდიდით მეორე ქალაქ ხარკივთან რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოსახლეობის საავტომობილო კოლონა დაცხრილეს.

ხარკივის პროკურატურის წარმომადგენელთა ინფორმაციით, რუსული არმიის თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

“მოქალაქეები ომისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. მათ ცეცხლი გაუხსნეს, ერთ მანქანას სატანკო ჭურვი აქვს მოხვედრილი. თავდასხმას მიზეზით მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამწუხაროდ, მათ შორის არიან ბავშვები“, – აცხადებს „ესპანური ბატალიონის“ მეთაური ნომ დე გუერე.

უკრაინული არმია რუსი სამხედროების შეტევებს ხარკივის რეგიონში წარმატებით იგერიებს და კონტრშეტევით სამხედრო ოპერაციების აწარმოებს.

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მათ ხარკივის რეგიონში 4 დასახლება დაიბრუნეს, რუსული არმია კი უკან, სახელმწიფო საზღვრისკენ იხევს.

ხარკივის ჩრდილოეთით მდებარე იზუმთანაც მძიმე დანაკარგები აქვს რუსულ არმიას, ოკუპირებული იზუმი დონბასის რეგიონში რუსული არმიის მომარაგების მნიშვნელოვანი ცენტრია და მისი დაკარგვა დონბასის ჩრდილოეთ ნაწილში ფრონტის ხაზზე, რუსული არმიისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება.

მოსკოვის მცდელობა, უკრაინისათვის დასავლეთის მიერ შეიარაღების მიწოდება შეაფერხოს უშედეგოა. იარაღის მიწოდება ყოველდღე შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს – აცხადებენ პენტაგონში.

“უკრაინული არმია დონბასში პოზიციებს ინარჩუნებს, მათი რაოდენობისა და ადგილმდებარეობის შესახებ არ ვისაუბრებ, ეს მონაცემები საჯაროდ არ შეიძლება განიხილებოდეს. დონბასში ბევრი უკრაინელი სამხედროა და ისინი დიდი თავდადებით იცავენ სამშობლოს და ხელს უშლიან რუსულ არმიას წინსვლაში, მოსკოვმა ვერ მიაღწია დონბასში დასახულ ბევრ მიზანს“, – ამბობს პენტაგონის პრესმდივანი ჯონ კირბი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი კმაყოფილია მისი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ ხარკივთან კონტრშეტევით.

“ჩვენი სამხედროების წყალობით კარგი ამბებია, ხარკივის რეგიონში ოკუპანტები უკან იხევენ, ჩვენი ჯარისკაცების მადლიერი ვარ, მათ შეძლეს წარმატებით თავდაცვა და ამ ეტაპზე საოცარი თავგანწირვის საფუძველზე მტერს უტევენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში უკრაინისათვის კიდევ 40 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობის დახმარების გაწევის შესახებ მსჯელობენ.

კიევს უკვე დაუმტკიცდა კიდევ ერთი, 33 მილიარდი ამერიკული დოლარის რაოდენობის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება ვაშინგტონისგან.

მარიუპოლში ალყაში მოქცეული სამხედროები კი მძიმე დანაკარგების ფონზე, ინარჩუნებენ კონტროლს ქარხანა “აზოვსტალში”.

“მძიმე ბრძოლებია და ყოველი დღე შესაძლოა ჩვენთვის უკანასკნელი გამოდგეს. ტყვია – წამალი გვეწურება და ტყვედ ჩავარდნა ჩვენთვის სიკვდილს ნიშნავს“, – ამბობს აზოვის ბატალიონის მებრძოლი ილია სამოილენკო.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება.

“არაფერია სამუდამო. ეს ომი მუდამ ვერ გასტანს. დადგება მომენტი, როდესაც ომის ნაცვლად მოლაპარაკებები დაიწყება. იმედი მაქვს, დადგება მომენტი ,როდესაც გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მშვიდობა დამყარდება და გაერო მზად არის, რომ სამშვიდობო პროცესში მონაწილეობა მიიღოს“,  – აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, უკრაინაში რუსული ინტერვენციის შედეგად 3 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend