მთავარი საქართველო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არასრული შემადგენლობით მუშაობს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არასრული შემადგენლობით მუშაობს

საქართველო ელოდება ევროკომისიის შეფასების ანგარიშს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მთავრობამ უკვე შეავსო სპეციალური კითხვარი, სადაც მნიშვნელოვანი ნაწილი მართლმსაჯულების სისტემას და სასამართლოს დამოუკიდებლობას ეხება. ჯერ არ არის ცნობილი, როგორია მთავრობის პასუხები ევროკომისიის კითხვებზე, თუმცა ცნობილია ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევების თაობაზე. მაგალითად, ამ დასკვნებში საუბარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, სადაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები რიგ პრობლემებსა და გამოწვევებს ხედავენ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში – 2022 წლის 12 აპრილი: „მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რჩებოდა მინიშნებები სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის შესახებ. მოსამართლეები დაუცველნი იყვნენ პოლიტიკური ზეწოლისგან სასამართლოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ისეთ საქმეებზე, რომლებიც ეხებოდა პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს და სუბიექტებს“.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ 2022 წლის 8 აპრილი: „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირება კვლავ დიდ შეშფოთებას იწვევს. ის კვლავ წარმოადგენს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბების წინაღობას. იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღიქმება, როგორც კორპორატიული ორგანო, სადაც წამყვანი მოსამართლეების მცირე ჯგუფს, რომლებსაც ხშირად კლანსაც უწოდებენ, შესაძლებლობა აქვს აკონტროლოს ან ზეგავლენა მოახდინოს, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, ისე მთლიან სასამართლო სისტემაზე“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაზე საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმდნენ, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით შედგენილ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ეს ცვლილებები არ განხორციელდა. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი კვლავ საუბრობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზოგიერთი წევრის გავლენებზე და მათ მიერ მოსამართლეთა გადაწყვეტილებებში ჩარევის შესახებ.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სადაც გავლენიანი მოსამართლეები არიან, აქვს შესაძლებლობა მიიღოს გადაწყვეტილება, ისე როგორც მათ სურთ. ნებისმიერ საკითხთან მიმართებით – ეს იქნება მოსამართლის დანიშვნა, დაწინაურება, დისციპლინური პასუხისგება, ასევე გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ექნება დაკავებული სასამართლოში კონკრეტული მენეჯერული პოზიციები. ეს ჯგუფი იქცა სასამართლო სისტემაში გავლენის და მოსამართლეთა დამოკიდებულებების განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ფაქტორად, რაც პირდაპირ ხელს უშლის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას“ – აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოა სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი. საბჭოს კომპეტენციაა მოსამართლეთა დანიშვნა, გათავისუფლება, დაწინაურება, ასევე მათთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება. საბჭო 15 წევრისგან შედგება, სადაც 5 წევრს საქართველოს პარლამენტი 90 დეპუტატის მხარდაჭერით ირჩევს. თითქმის ერთი წელია იუსტიციის უმაღლესი საბჭო არასრული შემდგენლობით, 10 წევრით მუშაობს. 5 არამოსამართლე წევრზე ხელისუფლება და ოპოზიცია ჯერ ისევ ვერ თანხმდება.

„5 არამოსამართლე წევრი არ მუშაობს საბჭოში და მიუხედავად ამისა, საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს და ეს თითქოს არაფერში ქმნის პრობლემას. აქედანაც ჩანს, რამდენად არასწორად არის სისტემა მოწყობილი. ერთი წელია პარლამენტის მიერ დანიშნული წევრები არ არიან საბჭოში, არ მონაწილეობენ პროცესში და მიუხედავად ამისა, საბჭო ჩვეულებრივად აგრძელებს საქმიანობას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ ლეგიტიმაციის რა ხარისხი არსებობს“ – ამბობს ლევან იოსელიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია „მოქალაქეებიდან“.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხალხია დასანიშნი. ამას მხოლოდ ერთად გავაკეთებთ (ხელისუფლება და ოპოზიცია) და მოდი მართლა სერიოზულად ვისაუბროთ. გამოვძებნოთ მექანიზმები – მოდი, 20 შენ დაასახელე, 20-ს მე დავასახელებ, იქნებ დავინახოთ, რომ სამი უკვე დაემთხვა და თურმე შევთანხმებულვართ. მაგრამ ეს უნდა გინდოდეს, ამისი განწყობა უნდა გქონდეს და ამისი არ უნდა გეშინოდეს. „ოცნებას“ ეს არ უნდა, ამის განწყობა არ აქვს, და ამისი ეშინია“ – ამბობს დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია „ლელოდან“.

საქართველოში 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების რეფორმა 4 ეტაპად ჩატარდა. რეფორმის 4 ტალღის მთავარი მიზანი სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის შექმნა იყო. რეფორმის პირველი ეტაპი სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზებასა და დამოუკიდებლობას ეხებოდა. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს რეფორმები წარმატებული იყო. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიქრობენ, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკა საკმარისად დასაბუთებული არ არის.

„თუკი ჩვენ გავითვალისწინებთ, რა შინაარსის მატარებელი იყო სასამართლო რეფორმების ის რამდენიმე ტალღა, ყოველი ცალკეული დებულება, ყოველი ცალკეული წინადადება, ის რაც რეფორმირდა, არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მონაპოვარი. თუ მართლაც არაფერი შეცვლილა, ვინმე დათანხმდება იმას, რომ ამ ცვლილებების შედეგად მოტანილ პროგრესზე უარი ითქვას? ხომ გამორიცხულია ასეთი რამ? მათ შორის იგულისხმება ის, რომ პოლიტიკური მონაწილეობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის ნულამდე შემცირებული. ეს ხომ მნიშვნელოვანი მონაპოვარია, მაშინ როდესაც მაგალითად (პარლამენტის) იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ექსოფიციო წარმოადგენდა წევრს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი და ა.შ. მაგალითად ის, რომ
(სასამართლოს) სხდომათა დარბაზში აკრძალული იყო მედიის დაშვება და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც გვაქვს, ამას გაფრთხილება სჭირდება“ – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

რამდენად დამოუკიდებელია საქართველოში სასამართლო და როგორ მუშაობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო – ეს ამჯერად ევროკომისიამ უნდა შეაფასოს. სწორედ ევროკომისის შეფასების ანგარიშზე (Opinion) იქნება დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend