ადამიანის უფლებების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ფოკუსში კვლავ რჩება საპროტესტო დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების პროპორციულობა.
ახალი ანგარიშის თანახმად, რომელიც „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ გამოაქვეყნა, გაკრიტიკებულია პოლიციის საქმიანობა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში. სხვადასხვა საქმეებისა და მოვლენების შეფასების დასკვნაში ორგანიზაცია ამბობს, რომ პოლიცია პოლიტიზებულია და მოქალაქეების მსახურების ნაცვლად უპირატესობას მმართველი პარტიის საჭიროებებსა და ბრძანებებს ემორჩილება.
“ამ ანგარიშში, ფაქტებით მკაფიოდაა ნაჩვენები პოლიციის მხრიდან მოქმედების შერჩევითობა. ეს შერჩევითი მოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, დამყარებულია არა მოქალაქეების ინტერესებსა და სამართლის დემოკრატიულ ნორმებზე მორგებით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობასა და მმართველი პარტიის სურვილებზე. ცხადია, ეს არის მავნე პრაქტიკის უცვლელი განხორციელება და სამართალდამცავ სისტემას რეპუტაციულად ძალიან დიდ ზიანს აყენებს. შესაბამისად ქვეყნის იმიჯს. ამას ემატება საპოლიციო სისტემაზე არასაკმარისი ან საერთოდ მორღვეული სასამართლო და საზედამხედველო კონტროლი. რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს იმ რეალობას, რაც არის. პოლიციის თვითნებური ქმედებები სცდება ყოველგვარ სამართლიან და კანონიერ მოქმედებებს“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ პროგრამების დირექტორი გურამ იმნაძე.
შეფასებაში მოყვანილია 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმა და სასტიკი ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე, რა დროსაც ანგარიშის ავტორების თქმით, პოლიცია ინერტული იყო, რადგან ეს პროცესი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა წაახალისეს. ასევე, ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები, რა დროსაც „რიონის ხეობის მცველების“ წინააღმდეგ პოლიციის ქმედებები არაპროპორციული იყო.
„5-6 ივლისის მოვლენებისას, ვიხილეთ როგორი უმოქმედო, ინერტული და და არასაკმარისი იყო საპოლიციო ჩარევები მყისიერი საფრთხის რეალურად არსებობისას. ძალადობა, რომელიც მასმედიის წარმომადგენლებზე მოხდა, წახალისებული იყო მმართველი ელიტის განცხადებებით და პოლიციის არაპროპორციული მობილიზება სწორედ ამას გამოხატავდა. მეორე მხრივ ჩვენ ვნახეთ, სრულიად აბსტრაქტული და არალოგიკური საფრთხის არსებობის მოტივით, როგორ უშლიდა ხელს პოლიცია „რიონის ხეობის მცველების“ ლეგიტიმურ პროტესტს ნამახვაჰესის წინააღმდეგ. შეზღუდვების და რეპრესიების ყველა მანქანა იყო ამოქმედებული ამ დემონსტრაციების დროს. აქედან დასკვნის სახით ვიტყვი, რომ ხელისუფლება პოლიციას იყენებს მისი საჭიროებების და ინტერესების შესაბამისად. როდესაც სურს, მაშინ აურაცხელი ძალებით ახდენს პოლიციის მობილიზებას, ან პირიქით“, – განაცხადა ანგარიშის თანაავტორმა მარიამ პატარიძემ.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ანგარიში პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებსაც ეყრდნობა. ადამიანის უფლებების დამცველები ამბობენ, რომ პოლიტიკურ-სოციალური პროტესტის დროს, მმართველი პარტია საკუთარი ინტერესების შესაბამისად იყენებს სამართალდამცავ უწყებებს, რაც მავნე პრაქტიკაა. პოლიციის საქმიანობის გარდა, აკრიტიკებენ სასამართლო სისტემასაც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებისას, სასამართლო არ ინტერესდება სამხრე კამერების ჩანაწერებით და პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა. განაჩენები ხშირ შემთხვევაში არა ინდივიდუალურად, არამედ კოლექტიურად გამოაქვს. ასეთი მიდგომა კი აცდენილია დემოკრატიის ზოგად მოთხოვნებს.
„ზოგადად, ბოლო წლებში სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტივისტისტებისთვის, მშვიდობიანი პროტესტის განხორციელებისას პოლიციელების ქმედებები გაუარესდა. პოლიცია „ქართული ოცნების“ როგორც პარტიის და ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებს ასეთი შეკრებებისას. სამართლებრივი პროცესები, რომლებიც ამ დროს მიმდინარეობს, იმის მაგივრად, რომ იყოს სამართლიანი, ნეიტრალური და ობიექტური, ხშირ შემთხვევაში ემსახურება პოლიტიკურ საჭიროებებს. სასამართლო, უსამართლოდ დაკავებული აქტივისტების გასამართლებისას, ხშირად მხოლოდ პოლიციის ჩვენებებს ეყრდნობა და გასამართლებაც არა ინდივიდუალურად, არამედ კოლექტიურად, კონვეირული მიდგომით ხდება. ეს ასუსტებს სასამართლოსადმი ნდობას, პოლიციას კი პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცევს“, – ამბობს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.
ანგარიშის ავტორთა თქმით, პრობლემაა ბუნდოვანი და ადამიანის უფლებების სტანდარტებისგან დაშორებული კანონმდებლობა, პოლიციელების დაბალკვალიფიციურობა და არაეფექტიანი სასამართლო კონტროლი, რაც მთლიანობაში ფართო არეალს ქმნის საპოლიციო თვითნებობისთვის.
ალეკო გვეტაძე