მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირის შევსებულ კითხვარს ევროგაერთიანებას ორ მაისს გადასცემდა, პოლიტიკურ დღის წესრიგში მისი გასაჯაროების საკითხი დადგა.
საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილის განცხადებით, საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, თუ რა პასუხები გასცა ქვეყნის მოსახლეობის სახელით ხელისუფლებამ ევროკავშირს 369 კითხვაზე.
“ჩვენს პარტიას – „გირჩს“ პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს და ვითხოვთ ამ დოკუმენტის გასაჯაროებას. წარმოუდგენელია, რომ ისეთი დოკუმენტი, რომელზეც დიდადაა დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის მომავალი, ასევე შეიცავს იმ ვალდებულებებს, რომელიც ქვეყანამ აიღო დასავლეთთან შესაბამისი შედეგის მისაღებად, არ გასაჯაროვდეს. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს დოკუმენტი მოვიპოვოთ და ჩვენვე გავასაჯაროოთ“, – აცხადებს დეპუტატი პარტია „გირჩი“-დან იაგო ხვიჩია.
მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ კითხვარის შევსება ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ მაღალკვალიფიციურად მოხდა და ამ საკითხზე ეჭვები არ უნდა არსებობდეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველო განვლილი ისტორიული მოვლენებიდან და ევროკავშირთან თავსებადობიდან გამომდინარე, კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
„საქართველომ და ქართველმა ხალხმა, როგორც თავისი ბრძოლით, მათ შორის, ბრძოლის პირდაპირი გაგებით და იმ ომების გადატანით, რომელიც საქართველოს სწორედ იმიტომ მოუწია, რომ მან ევროპული არჩევანი გააკეთა. ასევე, ჩვენი ქვეყნის განვითარებით და ევროკავშირთან დაახლოებით დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად იმსახურებს, რომ ევროკავშირმა უკვე ამ შემთხვევაში პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს და საქართველოს ევროკავშირში წევრობას გზა გაუხსნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვარის გასაჯაროების მომხრეა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. მისი თქმით, სასურველია მთავრობამ გაასაჯაროოს ეს დოკუმენტი, რადგან საზოგადოებაში მაღალი ინტერესი არსებობს.
„მქონდა პატივი, პრემიერ-მინისტრის ხელიდან მიმეღო პირველი პასუხები პირველ კითხვარზე. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მალე მივიღებთ მეორე კითხვარის პასუხებს. პროცესი კარგად მიდის, უკვე დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქმე სიჩქარეს არ ეხება. საქმე ეხება პასუხების ხარისხს და ობიექტურ შეფასებას, რომელსაც გააკეთებს ევროკომისია ადგილზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ეს ეხება საქართველოს ერთგულებას ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ და მთავარ ეკონომიკურ კრიტერიუმს. რაც შეეხება ვადებს, მე ველოდები, რომ ევროკომისია მომდევნო თვეში წარადგენს მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ. რაც შეეხება გასაჯაროებას, ამ შემთხვევაში, თამაშის წესები ის არის, რომ ევროკავშირი უტოვებს უფლებას მთავრობას, გადაწყვიტოს, გამოაქვეყნოს თუ არა კითხვარი და კითხვარის პასუხები. მე ძალიან მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას კითხვარის გამოქვეყნების თაობაზე. ახლა მათი გადასაწყვეტია პასუხების გამოქვეყნება. რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან, ჩვენი ან ევროკავშირის მოსაზრება, როდესაც გაიცემა, გახდება საჯარო“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.
ერთიანი პოზიცია გაასაჯაროებს თუ არა მთავრობა ამ დოკუმენტს, „ქართულ ოცნებაში“ ჯერ მკაფიოდ არ გამოუთქვამთ. საქართველოს ევროკავშირისგან 369 კითხვიანი კითხვარი ლუქსემბურგში 11 აპრილს გადაეცა. 11 აპრილს მიიღო კითხვარი მოლდოვამაც, ხოლო უკრაინაში მსგავსი დოკუმენტი 9 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩაიტანა. შევსებული ვერსია ყველაზე ბოლოს ამ სამი ქვეყნიდან ევროკავშირს საქართველომ გუშინ გადასცა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს და როდის ევროკავშირი ეს ჯერ უცნობია და პასუხების შესაბამისობაზეა დამოკიდებული.
ალეკო გვეტაძე