ლუჰანსკის ოლქში მძიმე ვითარებაა – ქალაქი სევეროდონეცკი რუსული საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა – აქ განუწყვეტლივ ბომბავენ შენობებს, სახლებს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები თავს აფარებენ. დიდი ხანია ქალაქს აღარ მიეწოდება ელექტროენერგია. საკვებისა და წყლის დეფიციტის გამო აქ დარჩენილებისთვის გაუსაძლისი პირობებია.
ომმა ლუჰანსკის ქალაქ სევეროდონეცკში ხალხს გადარჩენის იმედი ვერ წაართვა. ამიტომ იბრძვიან, როგორც შეუძლიათ. იბრძვიან სიცოცხლისთვის, თავისუფლებისთვის, საკუთარი მიწისთვის და სჯერათ გამარჯვების.
“მე მჯერა, რომ ჩვენ ყველას ვახსოვართ. თავს მიტოვებულად არ ვგრძნობთ. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გადავრჩეთ. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება“ – ამბობს სევეროდონეცკის მცხოვრები.
ქალაქის მთავარ მაგისტრალებზე, ხიდებზე, ქუჩებში – ყველგან აფეთქებებისა და ბომბების კვალია. რუსული არმიის სამიზნე არაერთხელ გახდა საავადმყოფო, სადაც პაციენტები დერეფნებში მკურნალობენ. საავადმყოფოს ჩამსხვრეული ფანჯრებიდან დაშავებულები უყურებენ მშობლიურ ქალაქს, რომელიც დღითიდღე ნადგურდება.
“ისინი არამხოლოდ ჩვენს ბიჭებს ხოცავენ, საკუთარ ჯარისკაცებსაც იმეტებენ სასიკვდილოდ. სიკვდილს ვუსურვებ პუტინს. მას და მის გარშემომყოფებს“ – ამბობს მოხუცი ქალი, რომელიც დაბომბილ საავადმყოფოში მკურნალობს.
სევეროდონეცკში არაერთხელ დაიბომბა პოლიციის შენობაც. თუმცა მთავარი განყოფილება ჯერ ისევ ფუნქციონირებს. ქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილი ევაკუირებულია. ზოგი უკრაინის სხვა რეგიონებში გადავიდა, ზოგიც – საზღვრებს გარეთ. თუმცა ბევრი ჯერ ისევ რუსული საოკუპაციო ძალების პირისპირ რჩება.