მთავარისაქართველონატო-ს მოთხოვნები საქართველოს და მზადება სამიტისთვის

ნატო-ს მოთხოვნები საქართველოს და მზადება სამიტისთვის

თბილისს ნატო-ს გენ.მდივნის სპეც.წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ესტუმრა

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, გლობალური უსაფრთხოების ფარგლებში ნატო-ს მომავალ სამიტზე, საქართველოსთვის შესაძლოა ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნას. ამისთვის კი, საჭიროა მეტი დემოკრატიული რეფორმა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ნატო-სგან საქართველომ – ამ საკითხებზე სამსჯელოდ თბილისში ერთდღიანი ვიზიტით, ნატო-ს გენ.მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა ჩამოვიდა. მან პარლამენტში ორი შეხვედრა გამართა. პირველად კოლომინა, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსა და საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენელ დეპუტატებს, დახურულ კარს მიღმა ფორმატში შეხვდა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, კოლომინამ მმართველ გუნდს შეუსრულებელი რეფორმების დასრულებისკენ მოუწოდა.

“ხავიერ კოლომინას ვიზიტი არის პოლიტიკური გზავნილი, რომ ნატო- ს კარი ღიაა საქართველოსთვის. ამ განსაკუთრებულ ვითარებაში, როცა რუსეთი ახორციელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოსაც აქვს პირდაპირი აგრესიის საფრთხე, ნატო გააძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას და კონკრეტული მოლაპარაკება მიმდინარეობს საქართველოს მედეგობის და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, რომლის საბოლოო დამტკიცებას ველოდებით მადრიდის სამიტზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მადრიდის სამიტზე ჰქონდეს ძალიან მკაფიო ჩანაწერი და გზავნილი ნატო-ს წევრობის შესაძლებლობასთან მიმართებით, ასევე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, დემოკრატიული რეფორმები. 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დახია და გადააგდო, ნატო-ს კომუნიკეში მოხსენიებული იყო, როგორც ნატო- ში წევრობის გზა. საქართველომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ როცა შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნება და ვფიქრობ, ეს იქნება მალე, საქართველო მზად იყოს,”- განაცხადა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

პარლამენტის თავმჯდომარე კი ხავიერ კოლომინას, საქართველოს მეტ მხარდაჭერასა და ნატოში დაჩქარებული წესით ინტეგრაციაზე ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ განცხადება შალვა პაპუაშვილს არ გაუკეთებია. სხდომაზე განხილულ საკითხებზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა.

„ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ მადრიდის სამიტზე ხელშესახები შედეგები დადგება საქართველოსთვის, იმისთვის რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ნატოს და საბოლოო ჯამში გახდეთ ნატოს წევრი. ასევე ჩვენი მხრიდან გაჟღერდა მოთხოვნა ნატოს მიმართ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღონ“, – განაცხადა სამხარაძემ.

მეორე დახურული ფორმატის შეხვედრა ხავიერ კოლომინამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან გამართა. ამ შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევების დაძლევაზე იყო. კოლომინას განცხადებით, მადრიდის სამიტზე საქართველოს მეტი მხარდაჭერა ექნება, თუმცა ამისათვის გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილოს, რისთვისაც არც ისე ბევრი დროა.

„მე შევხვდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავესწარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომასაც, ორივე შეხვედრა კარგად წარიმართა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა ამ მიმართულებით ყველა საყურადღებო საკითხი, ვისაუბრეთ პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებითაც. როგორც თქვენ უკვე იცით ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დადებითად ვითარდება, საქართველო ნატოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოა. საქართველოს ის ინსტრუმენტები აქვს რაც ნატოს და ასევე ცალკე საქართველოსთვისაა საგანგებოდ შემუშავებული. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი წელია რაც მიღებულია და ახლა ამ მიმართულებით მუშაობა უფრო გაძლიერებულია. მადრიდის სამიტზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რათა ისეთი მხარდაჭერა გაიზარდოს, რაც მიბმული იქნება საქართველოს საჭიროებებთან“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთეს საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა და თავდაცვის ად აუშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ. მათი თქმით, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო.

ხავიერ კოლომინას ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე, საქართველოში შეხვედრები გამართა მისმა წინამორბედმა ჯეიმს აპატურაიმ. ორივე შეხვედრა საქართველოს მადრიდის სამიტისთვის სათანადო მომზადებას ეხება, რომელიც ესპანეთის დედაქალაქში 29-30 ივნისს უნდა გაიმართოს.

ალეკო გვეტაძე

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend