25 აპრილს ვიდეოპორტალ Youtube-ზე მომხმარებელმა სახელით Cyber Kmara სატელეფონო აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ „ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულ რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვს ესაუბრება.
ჩანაწერის მიხედვით ევტუშენკოვი ივანიშვილს, სანქციების გვერდის ავლით ბიზნეს-სავაჭრო საქმიანობაში დახმარებას სთხოვს. ასევე, საერთაშორისო სანქციების უგულებელყოფის გარიგებაში, საუბარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართვაზეც. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერი 10-12 მარტს განხორციელებულ სატელეფონო ზარებს მოიცავს. ჩანაწერის ავთენტურობა სხვადასხვა მედიას უკვე დაუდასტურა თავად რუსმა ოლიგარქმა ვლადიმირ ევტუშენკოვმა.
ფარული ჩანაწერის ავთენტურობა პოლიტიკოსებმა განიხილეს. ოპოზიციის ნაწილი სასწრაფო გამოძიებას ითხოვს და ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს, ბიძინა ივანიშვილისათვის პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მათი ნაწილი პრემიერ-მინისტრს პარლამენტშიც იბარებს.
„ფარული ჩანაწერები ყველა ხელისუფლებას ბუმერანგივით უკან უტრიალდება ხოლმე. ახლა როგორც ჩანს, „ოცნების“ ჯერი მოვიდა. ამიტომ ეს საკითხი არის გასარკვევი. პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვაზე, მას ჰქონდა თუ არა ის შეხვედრები რაც ამ ჩანაწერებშია ნახსენები და ამის მერე უნდა დადგეს საკითხები იმის შესახებ, საქართველოს მთავრობა რითია დაკავებული, ამ ტიპის დავალებების შესრულებით, თუ საქართველოს ინტერესების დაცვით. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი”, – აცხადებს პარლამენტის დეპუტატი პარტია „ლელო“-დან დავით უსუფაშვილი.
ჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებენ მმართველ პარტიაში. „ქართული ოცნების“ლიდერების თქმით, ამ ყველაფრის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას. გამოძიების დაწყებას და შესაძლო სანქციებს კი უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ ჩანაწერში, თუ ის ნამდვილია, უკანონო საუბრები არ არის, რადგან საქართველო ისედაც აგრძელებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს.
„ავთენტურია თუ არა, ეს არავინ იცის. რომც იყოს ავთენტური, აქ არაფერზეა საუბარი. საუბარია სავაჭრო ურთიერთობებზე. თქვენ იცით, რომ საქართველოს ოფიციალურად აქვს დაფიქსირებული ამაზე პოზიცია, საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. შეგახსენებთ, უკრაინაც ინარჩუნებს გარკვეულ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, ხდება რუსეთიდან გაზის მიღება უკრაინაში, მათ შორის საკუთარი მოხმარებისთვის და შემდეგ ხდება ამ გაზის ტრანზიტით გადაცემა ევროკავშირის ქვეყნებისთვის. რაც შეეხება გამოძიებას, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი, თუ შეხვედრა იყო ვინმესთან, ამაზე პრემიერი გააკეთებს თვითონ განცხადებას და კომენტარს. ამ ჩანაწერში საქმე ეხება სავაჭრო ურთიერთობებს. მგონია, რომ ეს ყველაფერი, ე.წ. ჩანაწერი, მერე არახამიას განცხადება ლოგიკური გაგრძელებაა იმ შეხვედრისა, რაც ბაკურიანში შედგა. იქ შედგა რევოლუციური შეკრება, „შულავერის კომიტეტის“ მოღალატეობრივი შეკრება, სადაც მათივე აღიარებით განხილულ იქნა ხელისუფლების გადატრიალების გეგმები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უცნობია დაიწყებს თუ არა გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ან სხვა საგამოძიებო სტრუქტურა, გავრცელებული ფარული სატელეფონო საუბრის ავთენტურობის დასადგენად.
ალეკო გვეტაძე