უკრაინის ხელისუფლება მოსკოვისგან მარიუპოლში მდებარე “აზოვსტალის” ქარხნიდან ჰუმანიტარული კორიდორის გახსნას მოითხოვს. ქარხანა საპორტო ქალაქში უკრაინული არმიის ბოლო ციტადელია.
უკრაინელი სამხედროების მიერ ქარხნის ტერიტორიის შენარჩუნება რუსულ პროპაგანდას ხელს შეუშლის, ფრონტის ამ ხაზზე სრული გამარჯვების გამოცხადებაში, რადგან მარიუპოლი სტრატეგიული და სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია.
მარიუპოლის აღების შემთხვევაში მოსკოვი კიევს საპორტო ქალაქს ართმევს, აკავშირებს ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს, ოკუპირებულ დონბასთან და ათავისუფლებს დამატებით სამხედრო შენაერთებს ფრონტის სხვა ხაზებზე გადასროლისათვის.
კრემლის სტრატეგიული მიზანია, აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქვანახშირისა და რკინის საბადოების, უკრაინის ინდუსტრიული გულის ხელში ჩაგდება.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ქალაქის უდიდესი ნაწილი რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშაა, უკრაინელი სამხედროები “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე კი ალყაში მოქცეულნი.
ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ქარხანაში გამაგრებულ უკრაინულ ჯარებზე პირდაპირ შეტევას არ მიიტანენ, “აზოვსტალი” ალყაშემორტყმული უნდა დარჩეს.
”ქარხნის ტერიტორიაზე პირდაპირი შეტევა არ მიმაჩნია სწორი, მე გიბრძანებთ შეაჩეროთ შტურმი. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც უნდა დავფიქრდეთ, ყოველთვის უნდა დავზოგოთ ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრების სიცოცხლე. არავითარი საჭიროება არ არის გვირაბებში ჩასვლის, ქარხნის ტერიტორიის ალყაში მოქცევაა საჭირო ისე, რომ იქ ბუზიც ვერ შეფრინდეს”, – უთხრა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ კრემლში გაიაზრეს, რომ რუსული არმია “აზოვსტალის” ქარხანას ვერ აიღებს.
“პუტინი და შოიგუ შეხვდნენ ერთმანეთს. მათ საჯაროდ ჯერ განაცხადეს, რომ მარიუპოლი აღებულია. მათი თქმით, ქარხნის ტერიტორიის შტურმი არ სურთ და მიზეზად ჯარისკაცებზე ზრუნვას ასახელებენ. მათ იციან, როგორი დაუნდობელი შეტაკება ელით წინ. პუტინი უზრუნველყოფს, რომ რუსი ჯარისკაცები იქ არ განადგურდნენ, ეს კი ნიშნავს შემდეგს: რუსულ არმიას “აზოვსტალის” აღება არ შეუძლია. მათ ეს შეიგნეს, დიდი დანაკარგები აქვთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე ათასამდე მოქალაქე და 500 მდე დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცია, მათ ევაკუაცია დაუყონებლივ ესაჭიროებათ.