რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს კადრებს, სადაც მათი თქმით, ჩანს, რომ რუსეთის სამხედრო საჰაერო ხომალდები, სუ 34 – ი დონბასში უკრაინული არმიის თავდაცვით ხაზსა და ტყვია – წამლის საცავებზე შეტევას ახორციელებს.
რუსული არმია იყენებს სარაკეტო შეიარაღებასაც. პრორუსი სეპარატისტების განცხადებით, მათ ლუჰანსკის რეგიონში მდებარე ქალაქი კრემინა აიღეს.
რუსები განაგრძობენ აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე შეტევას. მარიუპოლის საბოლოოდ აღება კი მათი სამხედრო მეთაურობის პრიორიტეტად რჩება.
“დაახლოებით 130 – მდე რუსი ჯარისკაცი ტყვედ ავიყვანეთ, მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ არ არის ცნობილი. მტრის მთავარი მიზანი მარიუპოლის აღებაა, გრძელდება აზოვსტალის ქარხნის დაბომბვა”, – აცხადებს უკრაინის გენერალური შტაბის პრესმდივანი ოლექსანდრ შტუპუნი.
რუსეთის აგრესიის მორიგი ტალღის ფონზე, დასავლეთში კიევისათვის დამატებით იარაღისა და ტყვია – წამლის მიწოდების აუცილებლობაზე საუბრობენ. კიევს იარაღს მიაწვდის ბერლინიც.
ჯო ბაიდენის ინიციატივით, ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებიც შეთანხმდნენ, გაზარდონ უკრაინისთვის ეკონომიკური დახმარება.
პენტაგონში ამბობენ, რომ უკრაინამ უკვე მიიღო სამხედრო საჰაერო ხომალდები, დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში მყოფი რუსეთი ემზადება 9 მაისისთვის. არც თუ ისე წარმატებული სამხედრო კამპანიის ფონზე, მოსკოვში გეგმავენ გამარჯვების დღე წითელ მოედანზე იზეიმონ.