მთავარი საქართველო აშშ-ის დელეგაცია საქართველოში

აშშ-ის დელეგაცია საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია საქართველოს, საფრანგეთსა და იტალიას ეწვევა

ამ კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია საქართველოს, საფრანგეთსა და იტალიას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კონგრესის დელაგაციას აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი სენატორი კრის კუნსი უხელმძღვანელებს.

დელეგაცია თითოეულ ქვეყანაში აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდება, რათა ისაუბრონ ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობასა და რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო სწრაფი რეაგირების თაობაზე და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება.

ვიზიტის ფარგლებში მხარეები გლობალურ გამოწვევებსაც განიხილავენ.

„ვამაყობ, რომ ევროპისა და ტრანსატლანტიკური ალიანსისთვის ამ კრიტიკულ მომენტში ვუერთდები კონგრესის დელეგაციას ჩემს კოლეგებთან ერთად.  „შეერთებულმა შტატებმა უნდა უხელმძღვანელოს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, დაწყებული საერთაშორისო უსაფრთხოებით, დამთავრებული კოვიდ-19 პანდემიითა და 21-ე საუკუნეში გლობალური დღის წესრიგის შემუშავებით, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე, მაგრამ ჩვენ ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ. მოუთმენლად ველოდები ამ კრიტიკულ საკითხებზე აშშ-ის მთავარ პარტნიორებთან შეხვედრას”, – განაცხადა სენატორმა კუნსმა.

„რუსეთის მთავრობის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაში. ტრანსატლანტიკური ალიანსი მტკიცედ და თანმიმდევრულად პასუხობს ვლადიმერ პუტინსა და მხარს უჭერს უკრაინის სამხედროებსა და ხალხს. მოუთმენლად ველოდები ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან შეხვედრას ევროპაში, რათა უფრო ძლიერად დავიცვათ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებები”,  – აღნიშნა სენატორმა პიტერსმა.

„იმ ფონზე, როცა პუტინი აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს, ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსი ისეთი მნიშვნელოვანია, როგორიც არასდროს. პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობით ეს ალიანსი ბევრად უფრო ძლიერია,  ვიდრე ოდესმე. პუტინს შეიძლება ეგონა, რომ მას შეეძლო დემოკრატიის დაზიანება, მაგრამ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანია. მოუთმენლად ველოდები მთავარ მოკავშირეებთან თანამშრომლობას, რათა გავაგრძელოთ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება და საერთო ღირებულებების დაცვა”,   – განაცხადა სენატორმა კეისიმ.

„ჩემთვის პატივია მონაწილეობის მიღება ამ მნიშვნელოვან დელეგაციაში, რათა კიდევ უფრო გამყარდეს და გაძლიერდეს ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობა ამ არეულობის ფონზე,”- აღნიშნა კონგრესმენმა რაისმა. „საერთაშორისო ალიანსი არის აშშ-ის უმთავრესი იარაღი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მოუთმენლად ველოდები იმის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია გავერთიანდეთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და ამ უაზრო ძალადობის დასასრულებლად.”

„პრეზიდენტ ბაიდენის წყალობით, შეერთებულმა შტატებმა დაიბრუნა ლიდერობა მსოფლიო მასშტაბით. ამ ვიზიტის მეშვეობით განვამტკიცებთ ჩვენი ალიანსის მნიშვნელობას, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში უკანონო, დაუსაბუთებელი შეჭრის წინააღმდეგ ერთობლივ რეაგირებაზე მუშაობით,”- განაცხადა კონგრესმენმა სისილინმა. “მოუთმენლად ველოდები ჩვენს შეხვედრებს და იმის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია უკეთესი მომავლის მშენებლობა კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისიდან გამოსვლის ფონზე.”

„პუტინის უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ, ამერიკის ლიდერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან გავიაროთ კონსულტაციები, ვაჩვენოთ ერთიანობა და განვამტკიცოთ ურთიერთობები,” – განაცხადა კონგრესმენმა მერფიმ. „ჩვენი დელეგაცია იმოგზაურებს საფრანგეთსა და იტალიაში, ამერიკის ორ უძლიერეს მოკავშირე ქვეყანაში, და საქართველოში – ნატოს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორ სახელმწიფოში. მოუთმენლად ველოდები დამატებითი ნაბიჯების განხილვას, რომლებიც შეგვიძლია გადავდგათ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის მძიმე ფასის დასაკისრებლად.”

დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი გარი პიტერსი, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ ქეისი და კონგრესმენები: სტეფან მერფი, ქეით ლირაისი, დევიდ სისილინი და ტედ დოიჩი.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend