მოსალოდნელი თავდასხმის გამო უკრაინელები ქვეყნის აღმოსავლეთს ტოვებენ. ზოგიერთი მათგანი რუსეთში შემთხვევით ხვდება. რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა აცხადებს, რომ რუსეთში ამ დროისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლტოლვილია უკრაინიდან. მათგან 20 000 დროებითი განსახლების ცენტრებშია. მათ უწევენ ყველა საჭირო მომსახურებას და ყველაფერს აკეთებენ, რომ ლტოლვილებმა ლეგალურად იცხოვრონ რუსეთში. ზოგიერთი ამბობს, რომ მათზე ზეწოლას ახდენდნენ და არ იცოდნენ, სად მიჰყავდათ. ზოგს კი რუსეთში ახალი ცხოვრების დაწყება სურს და მადლიერები არიან, ომს რომ გამოექცნენ.
ელენა კრილოვა, ერთ-ერთი ლტოლვილი მარიუპოლიდან, ჰყვება, რომ მასთან დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედროები მივიდნენ და ჩასაბარგებლად მხოლოდ 5 წუთი მისცეს. მათ, თითქმის ვერაფრის წამოღება ვერ მოახერხეს.
ვალერია სტოროჟს კი, რომელიც ასევე მარიუპოლიდან არის, სურს რუსეთის მოქალაქეობა მიიღოს და ახალი ცხოვრება დაიწყოს. რადგან მას მარიუპოლში აღარავინ და აღარაფერი ელოდება.
უკრაინის ხელისუფლებაში ძალდატანებით დეპორტაციასა და შემდგომი ასიმილაციის შესახებ საუბრობენ. უკრაინის ობმუდსმენი აცხადებს, რომ რუსეთში 500 000-ზე მეტი უკრაინის მოქალაქე წაიყვანეს, რომელთაგან 130 000 ბავშვია.
უკრაინის პრეზიდენი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ეს არის მასობრივი დეპორტაცია და მცდელობა, რომ გაანადგურონ ყველა, ვინც ეროვნულ იდეას ემხრობა. მისი თქმით, ნახევარ მილიონზე მეტი უკრაინელი რუსეთში იძულებითაა წაყვანილი.
რუსეთში განაცხადეს, რომ ობოლი ბავშვები, რომლებიც უკრაინიდან არიან, რუსულ ოჯახებში გადანაწილდებიან. უკრაინაში ამბობენ, რომ რუსეთის მიზანი ბავშვებისთვის რუსული ენის იძულებით შესწავლა და მათი მემკვიდრეობის დავიწყებაა.