მთავარიევროპასერბეთისერბეთმა ჩინეთისგან HQ-22 ტიპის საჰაერო სარაკეტო სისტემები შეიძინა

სერბეთმა ჩინეთისგან HQ-22 ტიპის საჰაერო სარაკეტო სისტემები შეიძინა

ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ბელგრადის აეროპორტში ჩინეთის 6 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი დაეშვა, რათა სერბეთის არმიას ჩინური წარმოების HQ-22 საჰაერო სარაკეტო სისტემები მიაწოდოს. სერბეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ჩინური წარმოების საჰაერო სარაკეტო სისტემები შეიძინა. როგორც ცნობილია, სერბეთი საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს საფრანგეთთანაც.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჟაო ლიჟიანი ამბობს, რომ ჩინეთსა და სერბეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩინეთმა სერბეთს საჰაერო ტრანსპორტით  სამხედრო აღჭურვილობა გაუგზავნა. ჩინურ მხარეს იმედი აქვს,  რომ მედიასაშუალებები ამ ამბავს სწორად გააშუქებენ. მისი თქმით, ეს პროექტი არ ეხება მესამე მხარეს და მას არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან.

სერბეთის პრეზდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა  გასულ უქმეებზე  სერბეთის სამხრეთში გამართული სამხედრო წვრთნების დროს შეიარაღების დივერსიფიკაციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იგი მომავალ დღეებში წარადგენს სერბეთის არმიის ახალი ტიპის შეიარაღებას,  რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს სერბების საბრძოლო შესაძლებლობებს.

იუგოსლავიის დაშლის შემდეგ სერბეთის არმია რუსეთში წარმოებული იარაღით მარაგდებოდა.

როგორც ბალკანეთის უსაფრთხოების ქსელის წარმომადგენელი ალექსანდარ რადიჩი აღნიშნავს, სერბეთი იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის სხვა ქვეყნებიდან შემოტანას ცდილობს. სერბეთი ნატოს მისიებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა 2 სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ნატოს ერთ-ერთი წევრი ქვეყნისგან უკვე შეიძინა 24 საბრძოლო თვითმფრინავი. მისი თქმით, იგივე ხდება ჩინეთის შემთხვევაშიც, რაც სერბეთის საგარეო პოლიტიკური პოზიციის გაძლიერებას უწყობს ხელს.

ამავდროულად, სერბეთი საფრანგეთთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვასთან დაკავშირებით.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend