„საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის დაჩქარებულად მისაღებად, დემოკრატიული რეფორმების სათანადოდ განხორციელება და სრულიად საზოგადოების გაერთიანებაა საჭირო“ – ნათქვამია ევროკავშირიდან გამოგზავნილ წერილში. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეპ ბორელის წერილის ადრესატი ყველა პოლიტიკური ძალა და სამოქალაქო საზოგადოებაა. ჯოზეპ
ბორელმა დიპლომატიის პირდაპირი ენით საქართველოს პოლარიზაციის დასრულებისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. როგორ გაიგეს ქართველმა პოლიტიკოსებმა ევროპული სტრუქტურის მაღალი თანამდებობის პირის გზავნილი? – რიტორიკა უცვლელია, რადგან პოლიტიკური „განტევების ვაცის“ ძებნა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის კვლავ არ წყდება. ოპოზიცია ევროპასთან დაახლოების გზაზე მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად, „ქართული ოცნების“ ქმედებებს მიიჩნევს თუმცა, ერთიანობას ურყევად ეთანხმებიან.
„ჩვენ სრულად ვეთანხმებით ამ წერილის შინაარსს და ბატონ ბორელის მოწოდებას. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ დაკავებულია ოპოზიციის დემონიზებით, ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რადარებიდან უნდა გაქრეს და ოპოზიციისგან დისტანცირდება, ნაკლებად რეალისტურია ერთიანობა. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ეს ერთიანობა და საერთო ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, მაგრამ ეს მაშინ მოხდება, როდესაც „ქართული ოცნება“ ამ დამოკიდებულებას შეწყვეტს“, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.
რიტორიკა უცვლელია მმართველ პარტიაშიც. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ლიდერები ევროინტეგრაციის გზაზე ერთიანობას მიესალმებიან, თუმცა დაბრკოლებას ოპოზიციის დესტრუქციულ განცხადებებში ხედავენ. სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რეფორმების ტალღა საქართველოში აქამდეც წარმატებით განხორციელდა და მომავალაშიც, მმართველი პარტია მზადაა ქვეყნის წინსვლისთვის პოლიტიკური ნება გამოხატოს.
„ამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესზე ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ოპოზიციამ. მაგრამ, ამავე დროს, ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა, უნდა შეწყვიტოს თავიანთი განცხადებებითა და საქმიანობით საქართველოსთვის ხელოვნური დაბრკოლებების წარმოქმნა. ერთადერთი, რაც მათ უნდა გააკეთონ – არ შექმნან ხელოვნური დაბრკოლებები. დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. გპირდებით, რომ ყველა ვალდებულებას შევასრულებთ და კითხვარსაც წარმატებით შევავსებთ, რათა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ურთიერთბრალდებების უწყვეტი ნაკადის გარდა, პოლიტიკოსების დღის წესრიგში ევროპული სტრუქტურებისთვის სათანადო პასუხების გაცემა და ქმედებები დგას. ევროკავშირის პასუხები მათთვის გასაგებია. ახლო მომავალში საქართველომ ევროკავშირისგან მიღებული კითხვარი უნდა შეავსოს და უკან დაუბრუნოს იმ იმედით, რომ პასუხები მაღალკვალიფიციური, შედეგი კი დადებითი იქნება.
ალეკო გვეტაძე