მთავარიევროპაუკრაინაბოროდიანკაში შენობის ნანგრევებში 26 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ბოროდიანკაში შენობის ნანგრევებში 26 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ქალაქ ბუჩიდან 25 კილომეტრში, ბოროდიანკაში, ორი დაბომბილი შენობის ნანგრევებში, 26 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ბოროდიანკაში ვითარება გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ბუჩაში. რუსმა ოკუპანტებმა დახოცეს უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

უკრაინის პრეზიდენტს აინტერესებს, რა რეაქცია ექნება მსოფლიოს, როდესაც გაიგებს, რა მოხდა მარიუპოლში. მარიუპოლის ქუჩებში რუსმა სამხედროებმა იგივე სისასტიკე და დანაშაული ჩაიდინეს, რაც ბუჩასა და სხვა ქალაქებში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება უკრაინის მოკავშირეებს ბრიუსელში შეხვდა და სთხოვა მათ, გამოყონ დახმარება და იარაღის უფრო დიდი რაოდენობა მიაწოდონ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს,  რომ ყოველდღიურად უფრო მეტ და სანდო ინფორმაციას იღებენ გაუპატიურების, მკვლელობისა და წამების დამადასტურებელი ფაქტების შესახებ. ბუჩის გარდა, რუსეთს ოკუპირებული აქვს კიდევ სხვა ბევრი ქალაქი, სადაც ახლა, მისი აზრით, რუსი ჯარისკაცები იმავე სისატიკით მოქმედებენ.

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ 100 000 მოსახლე სასწრაფოდ უნდა გაიყვანონ ქალაქიდან. ერთ-ერთ ტელევიზიასთან საუბრისას მან მარიუპოლში არსებული ვითარება ჰუმინიტარულ კატასტროფად შეაფასა. ბოიჩენკო ამბობს, რომ ომის დაწყებიდან ქალაქში 5000 მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს, მათ შორის 210 ბავშვი იყო.

უკრაინის ოფიციალური პირები კი ქვეყნის აღმოსავლეთში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებენ, სასწრაფოდ დატოვონ ტერიტორია, სანამ რუსეთი დონბასის რეგიონს შეუტევს. თუმცა მატარებელი, რომელმაც ეს ადამიანები უნდა გაიყვანოს, რუსული ავიაციის იერიშების გამო, დროებით აღარ დადის.
ბოლო ინფორმაციით, დონეცკის რეგიონში  3 საევაკუაციო მატარებლის მოძრაობაა შეჩერებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend