მთავარიევროპაუკრაინარუსული სარაკეტო შეტევის შედეგად ქალაქ კრამატორსკში 30 ადამიანი დაიღუპა

რუსული სარაკეტო შეტევის შედეგად ქალაქ კრამატორსკში 30 ადამიანი დაიღუპა

დაღუპული ადამიანები რკინიგზის სადგურზე ევაკუაციისთვის იყვნენ თავმოყრილნი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში რუსი სამხედროების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ კრამატორსკში სარაკეტო შეტევის შედეგია აღბეჭდილი.

უკრაინელი წყაროების თანახმად, რუსულ სარაკეტო შეტევას 30 ადამიანი ემსხვერპლა, 100 კი დაიჭრა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამჯერად ფინეთის პარლამენტის წევრებს მიმართა სიტყვით, მიმართვისას უკრაინელმა ლიდერმა სწორედ კრამატორსკში მომხდარ სარაკეტო თავდასხმაზე ისაუბრა.

თქვენთან საუბარი მსურს, დღეს მომხდარი თავდასხმის შესახებ ცნობით დავიწყო. რუსმა სამხედროებმა ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე მიიტანეს სარაკეტო შეტევა. თავდასხმისას ადგილზე ბევრი ადამიანი იყო თავმოყრილი, ისინი ევაკუაციისთვის ემზადებოდნენ. თავდასხმის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 100 კი დაიჭრა. სწორედ ასე იცავს მოსკოვი დონბასის მოსახლეობას.“ – ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი, ბენ უალასი ამბობს, რომ მისმა სახელმწიფომ უკრაინის დასახმარებლად უფრო მეტი უნდა გააკეთოს. ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა ეს განცხადება რუმინეთის დედაქალაქში, ბუქარესტში ვიზიტისას გააკეთა.

პუტინის არმია მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს, საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს. პუტინის მიზანი უკრაინის ოკუპაცია და მართვაა, მხოლოდ იმიტომ რომ ამ სახელმწიფომ განვითარების ევროპული მოდელი აირჩია. ჩვენი თავისუფლება საფრთხის ქვეშაა, მას საფრთხეს კი პუტინი უქმნის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ უკრაინას მხარს ვუჭერთ, პუტინი წარუმატებელია, გერასიმოვი და შოიგუ ათასობით ახალგაზრდა რუსის სიკვდილზე არიან პასუხისმგებელნი, უკრაინას კიდევ უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ.“ – ბენ უალასი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი.  

უკრაინის ბევრი მოქალაქე ლვოვში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს შენობასთან შეიკრიბა და რუსი სამხედროების მიერ უკრაინული ქალაქების განადგურება და გაქურდვა გააპროტესტა, მოსკოვმა ლვოვში მისი საკონსულო ომის დაწყებამდე დაკეტა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend