მთავარიევროპარუმინეთიამ დროისთვის რუმინეთში 600 ობოლი უკრაინელი ბავშვი ცხოვრობს

ამ დროისთვის რუმინეთში 600 ობოლი უკრაინელი ბავშვი ცხოვრობს

სახლი სახლიდან შორს – ეს არის ის, რაც უკრაინელმა მიუსაფარმა ბავშვებმა რუმინეთში იპოვეს. აღმოსავლეთევროპული ქვეყანა ასობით ბავშვისთვის უსაფრთხო ადგილია. რუმინეთში ბავშვებს დახვდათ ყველაფერი, რაც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ – დადიან სკოლაში, აგრძელებენ სწავლას და უკეთესი მომავლის იმედი აქვთ.

როსტისლავი ახლახან გახდა 18 წლის. იგი უკრაინის ქალაქ ოდესიდან არის და რუმინეთში 2 კვირის წინ 16 მიუსაფარ ბავშვთან ერთად ჩამოვიდა. ისინი ახლა ბუქარესტში ბავშვთა სახლებში ცხოვრობენ. აქ ბავშვები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. მათ საკვებით, ტანსაცმლითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფენ, უწევენ ფსიქოლოგიურ დამხარებას. მათ უკრაინელი მასწავლებლებიც ეხმარებიან.

უკრაინული ენის მასწავლებელი ლარისა ბილოუსი აღნიშნავს, რომ ისინი ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან და სწავლა აუცილებლად უნდა გააგრძელონ, რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ, თავად აიწყონ ცხოვრება.

ლარისა ოდესის ერთ-ერთ სკოლაში მუშაობდა. ომი რომ დაიწყო, ყველაფერი მიატოვა, მხოლოდ ერთი ჩემოდანი აიღო და შვილებთან ერთად ბუქარესტში ჩამოვიდა.  ახლა კი ის იმ უკრაინელ ბავშვებს უვლის, რომლებიც ბუქარესტის ბავშვთა სახლებში მოიყვანეს. მართალია, მისთვის მძიმე პერიოდია, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავს და სჯერა, რომ ისევ დაბრუნდება თავის ქვეყანაში და  ბედნიერად იცხოვრებს.

ორგანიზაციის „იმედი და სახლი ბავშვებისთვის“ წარმომადგენელი ლარისა დუმიტრუ ამბობს, რომ უკრაინელი ბავშვები განსაკუთრებულები არიან. მათ არ ჰყავთ მშობლები, რომლებიც ხელში აიყვანდნენ და დაამშვიდებდნენ, ან ომისგან დაიცავდნენ და აუხსნიდნენ, რა ხდება მათ გარშემო. მათი ემოციური მდგომარეობა უმძიმესია. ბავშვები თავს დაუცველად გრძნობენ, რადგან არავინ ეგულებათ, ვინც მათზე იზრუნებს.

უკრაინელი ბავშვები იმ პირობებითა და უფლებებით სარგებლობენ,  რომლებიც რუმინელებს აქვთ.  მათ აქვთ საცხოვრებელი, საკვები, სამედიცინო მომსახურება, უწევენ ფსიქოლოგიურ და სოციალურ დამხარებასაც. როგორც სოციალური დახმარებისა და ბავშვთა დაცვის საბჭოს მენეჯერის მოადგილე ვივიანა ანგელი ამბობს, რუმინელ ოჯახებს სურთ, უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანა, მაგრამ მათი კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა.

ომის დაწყებიდან 4 მილიონ 300 ათასი ბავშვი იძულებული გახდა,  სახლი დაეტოვებინა. უნისეფის ინფორმაციით, მილიონ 800 ათასი ბავშვი მეზობელ ქვეყნებში გადავიდა, მათგან 182 000 – რუმინეთის გავლით.  34 000 ბავშვი რუმინეთშივე დარჩა. 600-ზე მეტი ბავშვი მიუსაფარ ბავშვთა სახლებიდანაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend