მთავარიმსოფლიოევროპავოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მოითხოვს

ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მოითხოვს

ვნებათაღელვა არ წყდება მას შემდეგ, რაც ქალაქ ბუჩიდან რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი საზარელი დანაშაულების კადრები გავრცელდა. რუსეთის წარმომადგენლები კვლავინდებურად უარყოფენ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ ეს უკრაინისა და დასავლეთის პროპაგანდის ნაწილია, რომელიც მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლას ისახავს მიზნად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დანაშაულებებში ბრალდებული პირების გასასამართლებლად სამხედრო ტრიბუნალის შექმნა მოითხოვა. როგორც ცნობილია, მანამდე ტრიბუნალი ნიურნბერგში, მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა. უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიმართა, სადაც რუსი სამხედროები საზარელ სისასტიკეში დაადანაშაულა და ლიდერებთან ერთად მათი პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

უკრაინის პრეზიდენტი იმ ადამიანების სახელით საუბრობდა, რომლებიც ყოველდღე იხსნებენ და გლოვობენ გარდაცვლილ მშვიდობიან მოქალაქეებს. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც ჯერ აწამეს და მერე თავში ესროლეს. ზოგიერთი ქუჩაში დახოცეს, ზოგი ჭებში ჩაყარეს. ისინი ტანჯვით დაიღუპნენ. ხალხს ხოცავდნენ მათსავე ბინებში, სახლებში ყუმბარებს უყრიდნენ. ავტომობილებში მსხდომი მშვიდობიანი მოქალაქეები ტანკებით გასრისეს.

ქალაქ ბუჩიდან გავრცელებულ საზარელ კადრებში ჩანს, რომ ქუჩები სავსეა დამწვარი ცხედრებით.  მოსკოვი კი კვლავ ამტკიცებს, რომ ვიდეოები გაყალბებულია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლეთს ადანაშაულებს, რომ იგი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს სწორედ მაშინ, როცა მცირე, მაგრამ მაინც პროგრესია. მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში დასავლეთისა და უკრაინის პროპაგანდის მანქანა აქტიურად მუშაობს ბუჩიდან გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებული ისტერიის გასაძლიერებლად.  სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ ეს კადრები უკრაინის სამხედროებისა და უსაფრთხოების სამსახურების მიერ არის გადაღებული.

უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ ომის დანაშაულები არაერთ დასახლებაშია ჩადენილი. კიევთან ახლოს, ბოროდიანკაში, შიშობენ, რომ დაბომბილი კორპუსების ქვეშ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან მოყოლილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend