მთავარისაქართველორუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქართველების ნაწილმა უკრაინული ენის შესწავლა დაიწყო

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქართველების ნაწილმა უკრაინული ენის შესწავლა დაიწყო

ენის შესწავლის მსურველები ამბობენ, რომ ამ გზით ისინი უკრაინელი ხალხის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საქართველოში არ შეწყვეტილა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი აქციები. მოხალისეებმა კი უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყეს და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. მაგრამ არსებობს სოლიდარობის გამოცხადების სხვაგვარი ხერხებიც – ცოტა ხნის წინ ქართველების ნაწილმა უკრაინული ენის სწავლა დაიწყო. ენის შესწავლის მსურველები ამბობენ, რომ ამ გზით ისინი უკრაინელი ხალხის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მარიამ ორჟონიამ უკრაინული ენის სწავლა გადაწყვიტა და ეს იდეა მეგობრებსაც გაუზიარა. ამბობს, რომ ამ გზით რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით  საკუთარ პოზიციას გამოხატავს და ამასთანავე, პატივისცემას უკრაინელი ხალხის მიმართ.

„ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებული პროტესტი გამიჩინა, რომ ოკუპანტის ენა საქართველში ასე თუ ისე ვიცით, მათ შორის ახალი თაობის წარმომადგენლებმა, თუმცა უკრაინული არ არის პოპულარული. ვფიქრობდი, რომ ეს ერთგვარი ჟესტი იქნებოდა ჩემი მხრიდან. პოსტიც დავწერე ფეისბუქზე, სადაც ვამბობდი, რომ სწავლა დავიწყე. მსურს გარკვეულწილად მეც შევიტანო წვლილი უკრაინის კულტურის პოპულარიზაციაში. მე თვითონაც აღფრთოვანებული ვარ ხოლმე, როდესაც ვიგებ, რომ უცხოელები ქართულ ენას სწავლობენ. ჯერჯერობით ორი სახელმძღვანელო მოვიძიე, რაც ინტერნეტში ხელმისაწვდომი იყო. მასწავლებელთან ჯერ ვერ ვემზადები, თუმცა სამომავლოდ ამასაც განვიხილავ. ამ ეტაპზე ჩემით მოპოვებული წიგნებით ვხელმძღვანელობ. გარდა ამისა, აპლიკაციაც არსებობს, „დუოლინგო“ და ამასაც ხშირად ვიყენებ ხოლმე. ვცდილობ ყოველდღე რაღაც დრო დავუთმო, თუმცა ჯერჯერობით დაბალ დონეზე ვარ. ასევე ძალიან ბევრ რამეს ვეცნობი კულტურის კუთხითაც.”

როლანდ ბაღათურია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სოციალურ ქსელში მარიამის პოსტი ნახა და გადაწყვიტა ამ ინიციატივას შეერთებოდა. ამბობს, რომ ქვეყნის კულტურასა და ენაში ერის იდენტობის პატარა ნაწილებია ჩამალული, რისი საშუალებითაც ქვეყნებს უკეთ შეუძლიათ ერთმანეთის გაგება. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა, რომ უკრაინელი ხალხის მიმართ საკუთარი სოლიდარობა ამ გზით გამოეხატა.

„უკრაინულის შესწავლა დაახლოებით ორი კვირაა დავიწყე. ვცდილობ, რომ ყოველდღე გარკვეული დრო დავუთმო ამ საკითხს. ენის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდი ხანია მაქვს, რადგან უკრაინელი მეგობრები მყავს. ჩვენი ძირითადი საკომუნიკაციო ენა ყოველთვის ინგლისური იყო. ყველაზე გულგრილი ადამიანი ალბათ უკრაინას უნდა ხედავდეს სიტუაციურ მოკავშირედ, ხოლო ვინც უფრო ღრმად ჩახედავს ისტორიას მიხვდება, რომ საქართველოს და უკრაინას მართლაც ძალიან დიდი ერთობა აკავშირებთ და ეს არ არის მხოლოდ სიტუაციური კავშირი, რომელიც დღეს არის და ხვალ შეიძლება აღარ იყოს. როცა ვხედავ იმას, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი ძმები, უკრაინელები, თავიანთი ღირსებისა და სამშობლოს დასაცავად, უფრო მეტი პატივისცემა მიჩნდება. მეც გადავწყვიტე, რომ ჩემი სოლიდარობა ასე გამომეხატა და გადამედგა ეს საკმაოდ რთული ნაბიჯი. სულ მინდოდა, რომ დამეწყო და ერთ დღესაც ვნახე ჩემი მეგობრის, მარიამ ორჟონიას პოსტი, რომ მანაც გადაწყვიტა ისწავლოს უკრაინული, შევეხმიანე და ვთხოვე გაეზიარებინა ის მასალა, საიდანაც სწავლობდა და ახლა ყოველდღიურად ვცდილობ დღე არ ჩავაგდო და ვიმეცადინო.”

ოქსანა ბელიავცევა დონეცკიდანაა. საქართველოში ის უკრაინულ ენას ასწავლის და ამბობს, რომ ძალიან ბევრ ქართველს უკრაინული ენის შესწავლის სურვილი განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაუჩნდა. ახლა კი უკრაინელი პოლიტიკოსისა და ისტორიკოსის მიხეილ გრუშევსკის სახელობის სკოლაში, სადაც ოქსანა თავად მუშაობს, უკრაინული სექტორი იხსნება.

„ახლა ჩვენს სკოლაში უკრაინული სექტორი იხსნება. აქ ისწავლიან ის უკრაინელი ბავშვები, რომლებიც ომის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდნენ. ამ თემაზე საუბარი ცრემლების გარეშე არ შემიძლია. ბავშვები არიან მარიუპოლიდან, კიევიდან. ისინი ისეთი პატარები არიან და გაღიმებაც კი არ შეუძლიათ. აღარ ვსაუბრობ მათ დედებზე, რომლებსაც უკრაინული ენის გაგონებისთანავე თვალებზე ცრემლები ადგებათ. ახლა ჩვენ ამ ბავშვებისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ისინი თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სახლში. რომ ერთხელ და სამუდამოდ მათ სახეზე ღიმილი ვიხილოთ. ისინი ბავშვები არიან და ომის კოშმარები არასოდეს დაავიწყდებათ, მაგრამ სკოლაში ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ამბები მათთვის მეორეხარისხოვანი გახდეს. ამ ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან უკრაინაში.“ – ამბობს ოქსანა ბელიავცევა.

მარიამ ქუხილავა

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend