მთავარიევროპაუკრაინახარკოვში ექიმები პაციენტებთან ერთად საავადმყოფოებში ცხოვრობენ

ხარკოვში ექიმები პაციენტებთან ერთად საავადმყოფოებში ცხოვრობენ

უკრაინის ქალაქ ხარკოვში ექიმები და საავადმყოფოს თანამშრომლები დაბომბვისა და აფეთქებების ფონზე აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. იმის გამო, რომ სახლამდე მისასვლელი გზა სახიფათოა, ექიმების უმეტესობას ახლა საავადმყოფოს დერეფნებში პაციენტებთან ერთად უწევს ცხოვრება. საავადმყოფოს ადმინისტრაციამ შეიფარა მშვიდობიანი მოქალაქეებიც, რომელთა სახლებიც დაბომბვის დროს დაინგრა.

კარდიოლოგი ქეთევან გამისონია ამბობს, რომ ყველა ფანჯარა დაკეტილია და ფარდები ჩამოფარებულია. მათ მეოთხე სართულზე უწევთ მუშაობა. იქ ყოფნა სახიფათოა, როგორც ექიმებისთვის, ისე – პაციენტებისთვის. ცოტა რომ განიტვირთონ, დღის პირველ ნახევარში მძიმე როკს რთავენ, მეორე ნახევარში კი – ჯაზს. სულ იმის შიში აქვთ, აფეთქებების დროს ხელები არ აუკანკალდეთ. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ამასაც მიეჩვივნენ.

პირველ დღეებში, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, სამედიცინო პერსონალს პაციენტები საავადმყოფოს სარდაფში ჩაჰყავდა, თუმცა ბრძოლების გაგრძელებასთან ერთად მათი გადაყვანაც გართულდა.

კარდიოქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი ოლია ბუჩნევა ამბობს, რომ პაციენტების ასე ხშირად გადაყვანა ერთი ადგილიდან მეორეზე არ შეიძლება, განსაკუთრებით კი იმ დროს,  როდესაც ქალაქს გამუდმებით ბომბავენ. მისი თქმით, რამდენიმე დღეა, შედარებით სიმშვიდეა. ახლა მათ ძირითადად დერეფნებში უწევთ ყოფნა.

ზოგიერთ პაციენტს საავადმყოფოში დარჩენა ურჩევნია, რადგან მათი სახლები ფრონტის ხაზთან ახლოსაა. ხარკოვის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი ალექსანდრ ლიხოვიტი 11 დღის განმვლობაში ერთი თავშესაფრიდან მეორეში გადადიოდა. ბოლოს საავადმყოფოს შეაფარა თავი კატასთან ერთად. იგი უკან დაბრუნებას არ აპირებს, სანამ სიტუაცია არ გამოსწორდება.

ბევრი ექიმი, პაციენტების მსგავსად, საავადმყოფოში ცხოვრობს, რადგან სახლისაკენ მიმავალი გზა სულ უფრო სახიფათო ხდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend