მთავარი გადაცემები Real Ecnomy ევროპის ბავშვთა სიღარიბის სკანდალი - რამდენად საკმარისია სამთავრობო ძალისხმევა?

ევროპის ბავშვთა სიღარიბის სკანდალი – რამდენად საკმარისია სამთავრობო ძალისხმევა?

ევროპაში ყოველი მეოთხე ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, რომელიც სიღარიბისა და სოციალური გაუცხოების საფრთხის წინაშე დგას. მაღალია იმის ალბათობა, რომ ისინი სკოლიდან გამოვლენ და ვერც წესიერ სამსახურს იშოვიან. ეს ნიშნავს, რომ მათი შვილებიც სიღარიბეში გაიზრდებიან.

ევროკავშირის „ევროპის ბავშვთა გარანტიის“  ინიციატივა სწორედ ამ მანკიერი წრის გარღვევას ისახავს მიზნად. ამიტომ აამოქმედა ევროპის სოციალური უფლებების დაცვის ინიციატივა ბავშვებზე ზრუნვის კუთხით. 2021 წლის მარტში დაწყებული „ბავშვთა გარანტიის“ ინიციატივა ქმნის საფუძველს, რომ ყველა ბავშვს ხელი მიუწვდებოდეს  უფასო განათლებაზე, სკოლაში ჯანსაღ კვებაზე, ჯანდაცვასა და ღირსეულ საცხოვრისზე.

ინიციატივის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა წარადგინონ ევროკომისიაში ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელშიც  უნდა განმარტონ, თუ როგორ აპირებენ ბავშვთა გარანტიის ინიციატივის განხორციელებას. ამის შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ქვეყნებმა ანგარიში უნდა ჩააბარონ გეგმის მიმდინარეობის თაობაზე.

„ბავშვთა გარანტია“ უკრაინელ ლტოლვილებსაც დაეხმარება

გაეროს მომაცემების მიხედვით, უკარინაში ყოველ წამს ერთი ბავშვი ხდება ლტოლვილი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან მოყოლებული ქვეყანა უკვე დაახლოებით სამმა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა, საიდანაც ნახევარი ბავშვია.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ „ბავშვთა გარანტიის“ სამოქმედო გეგმებში უკრაინელი ლტოლვილების ნაკადიც გაითვალისწინონ.

 „ნებისმიერ ომში სწორედ ბავშვები იხდიან ყველაზე დიდ ფასს“, – ამბობს ჯანა ჰეინსვორთი, Eurochild-ის გენერალური მდივანი. Eurochild-ი ევროპის  მასშტაბით დაუცველ  ბავშვებზე მზრუნველ ორგანიზაციათა ქსელია.

„ამ წუთას ძალიან რთულია,  განსაზღვრო, როგორი იქნება ამ ნგრევის მასშტაბი. ცხადია, ყველაზე მთავარი ამ ხალხის სიცოცხლეა, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა და ხალხის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. წევრ სახელმწიფოებს აუცილებლად მოუწვეთ პასუხის გაცემა. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ეროვნულ სამოქმედო გეგმებში აისახოს ეს ბოლოდროინდელი პრობლემა, რათა დავრწმუნდეთ, რომ გეგმით გათვალისწინებული მომსახურება და ინვესტიციები უკრაინიდან წამოსულ მიგრანტებსაც შეეხება.“

„ბავშვთა გარანტია“ და ბოშათა თემი

„ბავშვთა გარანტიის“ ერთ-ერთი მიზანი ბოშა ბავშვების სოციალური ინტეგრაციაა. ბოშათა ბავშვები ევროპაში ყველაზე სავალალო მდგომარეობაში არიან: მათი 85 პროცენტი სიღარიბის რისკის წინაშე დგას, მაშინ როცა იგივე საფრთხე  მთელ ევროპაში დანარჩენი ეთნიკური ჯგუფების ბავშვთა მხოლოდ 24 პროცენტს  ემუქრება. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა განათლების ხელმისაწვდომობაა.

„ევრონიუსის“ გადაცემა „რეალური ეკონომიკის“ ჟურნალისტი ფანი გორე ხორვატიაში მეჯიმურიეს რეგიონში ჩავიდა, სადაც ამ ქვეყნის ბოშათა თემის დიდი ნაწილი ცხოვრობს, –  ხშირად დანარჩენი მოსახლეობისაგან განცალკევებით. აქ ბავშვების 90 პროცენტი სავალალო პირობებში იზრდება.

აქ  მუშაობს საპილოტე პროგრამა, რომელსაც ევროკომისია  UNICEF-თან  ერთად აფინანსებს. ეს პროგრამა ეხმარება ბოშათა ოჯახებს, რომ შვილებს განათლება მისცენ. ევროკომისიამ  UNICEF-თან  ერთად „ბავშვთა გარანტიის“ ინციატივის ფარგლებში ასეთი საპილოტე პროგრამა შვიდ ქვეყანაში დაიწყო. ფანი ესუაბრა რამდენიმე მშობელს ბოშათა დასახლება კურშანეცში, რომლებიც ამ ინიცატივის ბენეფიციარები არიან.

სნეჟანა ორშუში მონაწილეობას იღებს უბანში გამართულ სემინარში, სადაც სწავლობს, თუ როგორ გააუმჯობესოს შვილებთან ურთიერთობა.

სნეჟანა ორშუში, სემინარის მონაწილე:

„მე ვხედავ ცვლილებას. როდესაც ჩემი შვილები სემინარზე არიან, იქ თამაშობენ, ხატავენ, ყველაფერი აქვთ, რაც სჭირდებათ. როდესაც სახლში ვბრუნდებით, ისინი იმავეს გაკეთებას მთხოვენ და ჩვენც ვიმეორებთ.“

სემინარზე სნეჟანა  სწავლობს ბავშვთა ფსიქოლოგიასაც, თუ როგორ დაამყაროს ბავშვებთან გაწონასწორებული ურთიერთობა და როგორ შექმნას დადებითი ატმოსფერო.

სნეჟანა ორშუში, სემინარის მონაწილე:

„როდესაც ბავშვი ვიყავი, ჩემი მშობლები ხშირად ჩხუბობდნენ და მე ჩემს თავს ვუთხარი, რომ ჩემი შვილები ასეთ რამეს არასდროს ნახავდნენ, რომ მათზე  ვიზრუნებდი, სკოლაში ვატარებდი და ყოველთვის სუფთად იქნებოდნენ.“

საპილოტე პროგრამის ფარგლებში 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის  არაფორმალური საგანმანათლებლო და გასართობი ცენტრიც შეიქმნა. ბოიანას, რომელიც შვილებს ბოშურად ესაუბრება, უყვარს აქ მოსვლა.

ბოიანა იგნაცი, პროექტის ბენეფიციარი:

„ბავშვები სემინარზე მომყავს, რათა სხვა ბავშვებთან ურთიერთობა დაამყარონ, ისაუბრონ და ხორვატიული ისწავლონ, რადგან როცა სკოლაში წავლენ, უფრო გაუადვილდებათ იქ ყოფნა. მინდა, ჩემს შვილებს ჰქონდეთ ის, რაც მე არ მქონდა, მინდა სკოლა დაამთავრონ და დასაქმდნენ.“

მიუხედავად იმისა, რომ სკოლამდელი განათლება ხორვატიაში სავალდებულოა, ბოშა ბავშვების მხოლოდ 30 პროცენტი იღებს მას, მაშინ როცა ხორვატიელი ბავშვებისთვის ეს მაჩვენებელი  80  პროცენტია.

ფანი გორე შეხვდა ანდრეა კრზნარსაც, რომელიც „ევროპის ბავშვთა გარანტიის“   (EU Child Guarantee) საველე კოორდინატორია. მან პროგრამის მიზნებზე ისაუბრა:

„„ჩვენ ვეხმარებით მშობლებს, უკეთესი თვისებები შეიძინონ, რათა შვილებთან კარგი ურთიერთობა დაამყარონ. ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ მათი შვილები ძალიან პატარები არიან საბავშვო ბაღისთვის, რადგან სახლში ვიღაც მაინც ჰყავთ, ვინც ბავშვებს მოუვლის. კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ეს მომსახურება ძვირია, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილს სახელმწიფო იხდის. თუმცა შესაძლოა, ზოგიერთმა მშობელმა ესეც არ იცის.“

ევროკავშირი  უამრავ საბავშვო პროგრამას აფინანსებს, განსაკუთრებით „ევროპის სოციალურ ფონდ პლუსის“ (European Social Fund Plus)  ფარგლებში.

„ბავშვთა  გარანტიის“ ერთ-ერთი დამფინანსებელი „ევროპის სოციალური ფონდი პლუსია“ (European Social Fund Plus). იმ ქვეყნებმა, სადაც ბავშვთა სიღარიბე ძალიან მაღალია, ამ ფონდიდან მიღებული თანხის სულ მცირე 5 პროცენტი სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას უნდა მოახმარონ.

ევროკავშირის პოლიტიკის ანალიტიკოსი ბენჯამინ იგნაცი ბერლინში ცხოვრობს. იგი ხაზს უსვამს განათლების მნიშვნელობასა და ოჯახის მხარდაჭერას. იგი კურშანეცის მსგავს ბოშურ დასახლებაში გაიზარდა. მაგრამ საკუთარი ოჯახის, პედაგოგებისა და სხვადასხვა სტიპენდიის  დახმარებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ოქსფორდში ისწავლა.

ბენჯამინ იგნაცი:

„გამიმართლა, რომ ჩემმა მშობლებმა და უფროსმა ძმამ წერა-კითხვა და არითმეტიკა მასწავლეს. როდესაც ვუყურებდი, თუ როგორ ექცეოდნენ ბოშებს საზოგადოებაში, მივხვდი, რომ განათლება და ფინანსური დამოუკიდებლობა იყო ჩემთვის ერთადერთი იმედი ამ სისტემის დასანგრევად. ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე, როდესაც პედაგოგები დამეხმარნენ ჩემი მიზნებისთვის მიმეღწია. ამიტომ სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.“

„ბავშვთა გარანტიის“  შედეგები

„ბავშვთა გარანტიის“ ინიციატივის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა წარადგინონ ევროკომისიაში ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელშიც  უნდა განმარტონ, თუ როგორ აპირებენ ბავშვთა გარანტიის ინიციატივის განხორციელებას.

„ევრონიუსმა“ ჰკითხა  Eurochild-ის გენერალურ მდივან ჯანა ჰეინსვორთს, რამდენად სჯერა, რომ ევროკავშირის ქვეყნები სრულად განახორცილებენ „ბავშვთა გარანტიის“ ინიცატივის სამოქმედო გეგმას.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. ეროვნული გეგმები ჯერ ისევ შემოდის. ზოგი მათგანი ამბიციურია, ზოგს აკლია ამბიცია“, – განაცხადა ჯანა ჰეინსვორთმა.  იგი თვლის, რომ „ბავშვთა გარანტიის ვალდებულება ქაღალდზე არ უნდა დარჩეს.  ჩვენ გვინდა, რომ ეს ეროვნული სამოქმედო გეგმები ცოცხალი დოკუმენტი იყოს, რომელიც მუდმივად ახლდება.“

Eurochild-ის ხელმძღვანელი  საზოგადოების სხვადასხვა სექტორებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს:

„ამისთვის საჭიროა ყველა იმ სამინისტრომ  ითანამშრომლოს ერთმანეთთან, რომლებიც პასუხიმგებელი არიან ასეთ საკითხებზე და ძალიან მნიშვნელოვანია, ამაში ის ხალხი იყოს ჩართული, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს პოლიტიკა. ამიტომ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები კი არ უნდა იყოს ჩართული, არამედ ის ოჯახები და ბავშვები, რომლებმაც უნდა მიიღონ ეს მომსახურება.“

ავტორები: ნაომი ლოიდი და ფანი გორე

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend