მთავარი საქართველო რა პროფესიის ადამიანები ჩამოდიან საქართველოში რუსეთიდან?

რა პროფესიის ადამიანები ჩამოდიან საქართველოში რუსეთიდან?

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაწყო, საქართველოში რუსეთის 30 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა, რომელთაგან ქვეყანაში დაახლოებით თორმეტი ათასი დარჩა – ეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 17 მარტს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა.

ხელმისაწვდომი არ არის ოფიციალური სტატისტიკა, თუ რა პროფესიის წარმომადგენლები მოდიან ძირითადად საქართველოში. ამავე დროს რუსულ ტელეგრამარხებზე წერენ, რომ ისინი, ვინც რუსეთს ტოვებს, ხშირ შემთხვევაში ინფორმაციული ტექნოლოგიების, ანუ IT სპეციალისტები არიან.

რუსეთში ასეთ მიგრაციას მაღალკვალიფიციური კადრების, „ტვინების გადინებას“ უწოდებენ.

მარგო ლესოვა რუსეთიდან საქართველოში ორიოდე კვირის წინ ჩამოვიდა. გარდა იმისა, რომ ის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტია, უკვე 6 წელია სამოქალაქო აქტივიზმით არის დაკავებული. მისი თქმით, ის აგრძელებს იმავე კომპანიაში მუშაობას, რომელშიც მანამდე რუსეთში მუშაობდა, თუმცა სურს, რომ თანამშრომლობა ქართველებთანაც დაიწყოს.

„ეს რუსულ-ფინური კომპანიაა, მაგრამ მინდა, რომ გადავეწყო ადგილობრივ საქმიანობაზე. უკვე დაველაპარაკე ზოგიერთ ადამიანს და შევთავაზე ჩემი სერვისები. ჯერ ვერ გადავწყვიტე, დავრჩე თუ წავიდე საქართველოდან. ძირითადად ის, რითაც ახლა ვარ დაკავებული, იმ აქტივისტური პროექტების მხარდაჭერაა, რომლებზეც ადრეც ვმუშაობდი. ჩემთვის ახლა რთულია გრძელვადიანი გეგმების დასახვა”, – აღნიშნავს მარგო.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე მიიჩნევს, რომ  IT სპეციალისტების დასაქმება კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურებში შესაძლოა სახიფათო იყოს.

„რუსეთიდან IT ინტელექტმა გადინება ჯერ კიდევ 2020 წლიდან დაიწყო, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მასზე განხორციელებული კიბერშეტევების გამო. ფაქტობრივად, რუსული IT სექტორი გამორთულია საერთაშორისო გლობალური საქმიანობიდან. ბუნებრივია, რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებს შორის ბევრი იქნება IT სპეციალისტი, ისევე როგორც სხვა სპეციალობის ხალხიც. საქართველოში შემოსული IT სექტორის წარმომადგენლებისგან შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა სახის დივერსია, მათ შორის შეტევები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე”, – აღნიშნავს ექსპერტი.

საქართველოში მარგომ ჯერჯერობით  სამსახური ვერ იპოვა. ამბობს, რომ ზოგადად, მის მიმართ აგრესია აქ არ უგრძვნია, თუმცა ესმის იმ ქართველებისა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების  ჩამოსვლას საქართველოში საფრთხედ აღიქვამენ.

„რთული სიტუაციაა საქართველოს შემთხვევაშიც. რუსეთი აგრესორია. საქართველო ესაზღვრება რუსეთს და უკვე გვქონდა რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებული აგრესიის გამოცდილებაც. მესმის იმათი საფუძვლიანი შიშიც, ვინც ამბობს, რომ რუსეთი მოიფიქრებს რამე სისულელეს, მაგალითად, „მოდით აქ გავაგზავნოთ ჩვენი მოქალაქეები და შემდეგ გადავარჩინოთ“. მიმდინარე ომის კონტექსტში რუსების ეს ტალღა, რომელიც აქ ჩამოდის, მესმის, რომ შემაშფოთებელია ქართველებისთვის. შემიძლია ამ ნეგატივის გაგება და, სამწუხაროდ, იმის გამო, რაც ახლა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა, ვერ გეტყვით ქართველებს, რომ ნუ შეგეშინდებათ, ვერც იმას, რომ რუსეთი მშვიდობიანია, რადგან არ არის მშვიდობიანი“, – ამბობს ლესოვა.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საქართველოში დეფიციტია და მიგრაციამ IT სფეროში შესაძლოა კონკურენცია გააჩინოს.

„შრომის ბაზარზე გარკვეული გავლენა შესაძლებელია ჰქონდეს მიგრაციას. ამ შეთხვევაში, თუ საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით შევხედავთ, ზოგადად შრომის ბაზარი მოისაკლისებს აღნიშნული მიმართულებით სპეციალისტებს და გარკვეული დეფიციტიც არის. დღეს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვიცით რაოდენობა და არ ვიცით, რა კვალიფიკაციის პოტენციური დასაქმებული შეიძლება გაჩნდეს ქვეყანაში, შესაბამისი დასკვნების გაკეთება გაგვიჭირდება”, – აღნიშნავს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

არ არის ცნობილი, თუ რა პროფესიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ საქართველოში რუსეთიდან, თუმცა უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გარდა, ინფორმაციული ომი ამჟამად მთელ მსოფლიოშია გაჩაღებული და ამ ომში კიბერუსაფრთხოება ყველა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ავტორი: ანეტ მიქელაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend