მთავარისაქართველოსაქართველოში 20 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილია

საქართველოში 20 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილია

28 დღის განმავლობაში საქართველოდან უკრაინაში 680 ტონა ჰუმანიტარული დახმარებაა გაგზავნილი

საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი კვლავ გაწვეულია და გადის კონსულტაციებს კიევთან. ამის შესახებ დღეს, 23 მარტს უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, საქართველოში 20 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება. მათ შორის არიან ოჯახები ბავშვებით. როგორც უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრიი კასიანოვმა აღნიშნა, 58-მა უკრაინელმა ბავშვმა უკვე დაიწყო სწავლა საქართველოს სკოლებში. კიდევ 50-მა მშობელმა შეიტანა განაცხადი, რათა მათი შვილები საქართველოში სასწავლებლებმა და სააღმზრდელო დაწესებულებებმა მიიღონ. კასიანოვის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე,  28 დღის განმავლობაში საქართველოდან უკრაინაში 680 ტონა ჰუმანიტარული დახმარებაა გაგზავნილი. მათი ნაწილი გზაშია, ნაწილი კი უკვე ჩატანილია ადრესატამდე.

„უკრაინელი სამხედროები მტკიცედ იცავენ ჩვენს ტერიტორიებს. მოწინააღმდეგე ყველა მიმართულებით შეჩერებულია. აგრესორი საკუთარი რეზერვის მობილიზებას ცდილობს, რუსეთი  აგრძელებს ბელარუსზე ზეწოლასაც, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს.  უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად აქტიურად უჩვენებენ თავიანთ გმირობასა და სიმამაცეს მოხალისეები საქართველოდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სამეთაუროს შეტყობინებით, ქართველმა მოხალისეებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, მტრის ტექნიკის კოლონა გაანადგურეს. სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებების შედეგად გვაქვს დანაკარგიც. თითოეული გმირის სიცოცხლე არის შეუფასებელი. დღეს ჩვენ ქედს ვიხრით იმ ქართველი გმირების წინაშე, რომლებიც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპნენ. მათ შესწირეს უკრაინას ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ – საკუთარი სიცოცხლე. მარადიული ხსოვნა მათ. ისინი ყოველთვის იცოცხლებენ ჩვენს გულებში“, – განაცხადა უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში.

უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, რუს ჯარისკაცებს უკრაინაში აქვთ ძალიან ბევრი ლოგისტიკური პრობლემა. მათ შორის არ აქვთ საკმარისი საკვები. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, უკრაინული მხარე აკეთებს ყველაფერს, რომ რუსულ დანაყოფებს უკრაინაში კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნათ.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend